
შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ში წლების განმავლობაში ნაცისტებთან დაკავშირებული ანგარიშები არსებობდა. ზოგიერთი ანგარიში 2020 წლამდეც კი ღია იყო.- ამის შესახებ The Wall Street Journal წერს ადრე გასაიდუმლოებული არქივების დოკუმენტებზე დაყრდნობით.
აშშ-ის სენატში გაიმართა მოსმენები, რომლებიც მიეძღვნა შვეიცარიის ბანკების, მათ შორის Credit Suisse-ის, ნაცისტებთან თანამშრომლობის ახალ ფაქტებს.
გამოძიების თანახმად, ბანკი ინახავდა და მართავდა იმ ნაცისტი მაღალჩინოსნების ანგარიშებს, რომლებიც 1945 წლის შემდეგ არგენტინასა და სხვა ქვეყნებში გაიქცნენ.
2021 წელს დამოუკიდებელმა ომბუდსმენმა ნილ ბაროფსკიმ დაიწყო ახალი გამოძიება ბანკის ნაცისტებთან კავშირების შესახებ. თუმცა, მოგვიანებით Credit Suisse-ის ხელმძღვანელობამ ის ჩამოაცილა საქმეს, რადგან მიიჩნიეს, რომ მან დადგენილ ფარგლებს გადააჭარბა.
„გამოძიების მსვლელობისას გამოვლინდა ათობით ფიზიკური და იურიდიული პირი, რომლებიც დაკავშირებულნი იყვნენ ნაცისტების სისასტიკესთან და რომელთა კავშირი Credit Suisse-თან მანამდე ან საერთოდ არ იყო დადგენილი, ან დადგენილი იყო ნაწილობრივ. თუმცა, ბანკის მონაწილეობის სრული ბუნების შესახებ საზოგადოებისთვის აქამდე არაფერი იყო ცნობილი“, — დაწერა ბაროფსკიმ თავის წერილში.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ 1990-იან წლებში ჩატარებული ორი ანალოგიური დამოუკიდებელი კომისიის ძირითადი დასკვნები მიუთითებდა იმაზე, რომ შვეიცარიელი ბანკირები ხშირად თვალს ხუჭავდნენ ომის დროს ნაცისტების მიერ ებრაული აქტივების მოპარვაზე და ხშირად ხელს უშლიდნენ ოჯახებს საკუთარი სახსრების დაბრუნების მცდელობაში.
მანამდე შვეიცარიაში გამოვიდნენ ინიციატივით, რომ გამკაცრდეს საბანკო რეგულაციები Credit Suisse-ის კრახის შემდეგ.
0
0