29/03/2023
16:41
მსოფლიო
შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყება სტოკჰოლმში რუსეთის ელჩს გამოიძახებს და მას შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროცესში "ჩარევის მცდელობის" გამო პასუხს მოსთხოვს.
როგორც ცნობილია, სტოკჰოლმი, ფინეთთან ერთად, ალიანსში გაწევრიანებას ითხოვს და იმედოვნებს, რომ ამ პროცესს მიმდინარე წელს დაასრულებს. რუსეთის ელჩმა კი საელჩოს ვებ-საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ნატოში გაწევრიანების მცდელობამ სკანდინავიური ქვეყნები "რუსეთის საპასუხო ზომების, მათ შორის სამხედრო ხასიათის, ლეგიტიმურ სამიზნედ" აქცია.
როგორც შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა საინფორმაციო სააგენტო Reuters-ს განუცხადა, როცა ელჩს გამოიძახებენ, საგარეო საქმეთა მინისტრი მის მიერ გაკეთებულ შენიშვნებს შეფასებას მისცემს, როგორც "ალიანსში შვედეთის გაწევრიანების პროცესში ჩარევის აშკარა მცდელობას".
0
0