
კოალიცია „ძლიერი საქართველოს" საარჩევნო შტაბს დავით გამყრელიძე უხელმძღვანელებს, - ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე დღეს განაცხადა.
დღესვე გაიმართა კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ახალი ოფისის პრეზენტაცია.
როგორც ამ კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა, გამყრელიძე შტაბის მამასახლისი იქნება:
"თქვენ ნახეთ ჩვენი განსხვავებული და ფართომასშტაბიანი შტაბი, რომელიც ქართული ოცნების შტაბებისგან განსხვავებით, ყინულის სასახლე კი არ იქნება, ეს იქნება ადგილი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, ჩვენი ყველა დღევანდელი და მომავალი ამომრჩევლისთვის, ჩვენი ყველა მხარდამჭერისთვის, ყველასთვის, ვისაც უნდა, გვითხრას რაღაც ჩვენ, ჩვენთან ერთად გავიდეს ფონს და გადაარჩინოს ეს ქვეყანა.
ამავე დროს, ძალიან მიხარია, რომ ამ შტაბის მამასახლისად დღეს ჩვენ მივესალმებით ბატონ დავით გამყრელიძეს. მე მაქვს განსაკუთრებული მიზეზი ამისთვის იქიდან გამომდინარე, რომ გარდა იმისა, რომ ბატონი დავითი არის გამორჩეული პროფესიონალი, გამოცდილი პოლიტიკოსი, წარმატებული მეწარმე, გარდა ამისა, მე მას დავახასიათებდი როგორც განსაკუთრებულად მებრძოლ და პატრიოტ ადამიანად", - თქვა ანა დოლიძემ საარჩევნო შტაბის გახსნაზე.
0
0