03/12/2024
14:13
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამოქალაქო აქტივისტი დოდი ხარხელი დაკავებული არ არის და მისი გამოკითხვა „ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ხდება“. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს.
„ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. სწორედ ამ საქმის ფარგლებში მოხდება მისი გამოკითხვა. დაკავებული არ არის“, - განაცხადეს შსს-ში.
უწყებაში არ აკონკრეტებენ, რომელ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიებაზეა საუბარი, თუმცა არსებული ცნობით, საუბარი შესაძლოა იყოს მისი ყოფილი მეუღლის, უჩა აბაშიძის საქმეზე.
სამოქალაქო აქტივისტი დოდი ხარხელი ცოტა ხნის წინ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა საპოლიციო მანქანაში ჩასვეს. სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, რომელშიც ჩანს, რომ მას რამდენიმე სამართალდამცავი ხვდება და წინააღმდეგობის მიუხედავად, საბოლოოდ, აქტივისტი მიჰყავთ.
თავის მხრივ, ხარხელის ახლობლების თქმით, სამართალდამცველები აქტივისტის ბინაში ჩხრეკას ატარებენ. მათ საცხოვრებელი კორპუსის შიგნით შესვლის საშუალება არ ეძლევათ.
0
0