06/06/2023
12:59
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში, თბილისსა და ქუთაისში 7-დან 18 წლამდე გოგონებზე სექსუალური ხასიათის სავარაუდო დანაშაულის ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
„ინფორმაციის მიღებისთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სექსუალური ხასიათის სავარაუდო დანაშაულის ფაქტზე. ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები“, - განუცხადეს PIA.GE-ს შსს-ში.
საქმე ეხება რასამთავრობო ორგანიზაცია „შშმ ქალთა ალიანსის“ მიერ მოპოვებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვნებზე სავარაუდოდ რამდენიმე წელია, სექსუალურად ძალადობდნენ.
როგორც „შშმ ქალთა ალიანსის“ ხელმძღვანელი დეა ერემაშვილი „ბათუმელებთან“ ინტერვიუში აცხადებდა, არსებობს დანაშაულის ამსახველი ვიდეოჩანაწერები და მიმოწერები, საიდანაც ირკვევა, რომ არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებებში მინიმუმ 12 კაცია ჩართული.
„ძალიან ბევრი ვიდეოა გავრცელებული, ჩვენამდე სადღაც 27 ვიდეო მოვიდა, სადაც ასახულია არა მხოლოდ სექსუალური ძალადობის, არამედ სქესობრივი აქტიც პატარა გოგოებთან. ახლახან ვუყურე ერთ-ერთ ვიდეოს, სადაც გოგონა ჯგუფურ გაუპატიურებაზე საუბრობს. ეს არის ის, რამაც ჩვენამდე მოაღწია. დარწმუნებული ვარ, რომ უფრო ადრინდელი ვიდეოებიც იქნება და თუკი გამოძიება იქნება სათანადო, ყველაფერი გახდება ნათელი. აქ ყველა ყველას იცნობს, ზოგი შესაძლოა მათი მშობლების მეგობარია, ამიტომ როცა უფროსი ადამიანი მასთან მიდის და ეუბნება, რომ ეს უნდა გააკეთოს და ეს ნორმალურია, ბავშვი ფიქრობს, რომ ეს სწორია“, - აცხადებს დეა ერემაშვილი.
მისი ინფორმაციით, საუბარია 7-8, 10, 11, 12, 13 და 18 წლამდე გოგონებზე, მათ შორის, შშმ პირებზე.
„ბევრი შშმ გოგოა, რომლებმაც არ იციან თავიანთი უფლებები – სამწუხაროდ, ცნობიერების დაბალი დონე აქვთ, რადგან ინფორმაციის მიღების ძალიან მწირი საშუალებები აქვთ. შესაბამისად, უჭირთ იმის გაგება, რა არის ძალადობა. ის, რაც ჩვენ ვნახეთ, არის უმწეო მდგომარეობაში მყოფი ადამიანების გამოყენება“, – ამბობს დეა ერემაშვილი.
0
0