
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო „დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფ პირებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ე.წ. ნეიტრალურ ზონაში ამ დროისთვის რჩება 17 პირი, რომლებიც აცხადებენ, რომ არიან უკრაინის მოქალაქეები, თუმცა არ აქვთ საზღვრის კვეთისთვის საჭირო ვალიდური დოკუმენტები და ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე დაშვების კრიტერიუმებს.
ამასთან, შსს-ს განმარტებით, აღნიშნული პირები გასამართლებული არიან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის.
სამინისტროს განცხადებით, ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი პირების სამშობლოში ორგანიზებულ, უსაფრთხო და ნებაყოფლობით დაბრუნებაზე ქართული მხარე ინტენსიურად განაგრძობს მოლაპარაკებებს უკრაინულ მხარესთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ სასაზღვრო გამტარი პუნქტის, „დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფ პირებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ გამოთქმულ უსაფუძველო ბრალდებებს.
განვმარტავთ, რომ სასაზღვრო გამტარი პუნქტის, „დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში ამ დროისათვის რჩება 17 პირი, რომელთა შორის არ არიან ქალები და ბავშვები.
ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი პირები აცხადებენ, რომ არიან უკრაინის მოქალაქეები, თუმცა არ გააჩნიათ საზღვრის კვეთისთვის საჭირო ვალიდური დოკუმენტები და ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე დაშვების კრიტერიუმებს, ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, აღნიშნულ პირებს არ ეძლევათ ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობა, რადგან მათ აქვთ კრიმინალური წარსული და გასამართლებულები არიან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალთან“ მყოფი უკრაინის მოქალაქეების დიდმა ნაწილმა, რომლებმაც სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნების სურვილი გამოთქვეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უკრაინულ მხარეს შორის ხანგრძლივი და მრავალმხრივი მოლაპარაკებების შედეგად, მესამე ქვეყნის გავლით საქართველო უკვე დატოვა.
„დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში ამ დროისთვის მყოფი 17 პირის სამშობლოში ორგანიზებულ, უსაფრთხო და ნებაყოფლობით დაბრუნებაზე ქართული მხარე ინტენსიურად განაგრძობს მოლაპარაკებებს უკრაინულ მხარესთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოხატავს მუდმივ მზადყოფნას, განახორციელოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული ყველა შესაბამისი ღონისძიება და ხელი შეუწყოს უკრაინულ მხარეს, საქართველოს სახელმწიფო საზღვართან მყოფი პირების სამშობლოში დაბრუნების პროცესში.
ამასთან, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოში შესაბამისი ქვეყნის საელჩოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კოორდინაციით ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი პირების პირველადი საჭიროებებით უზრუნველყოფას ახორციელებს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
0
0