
გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის დაძაბულობა იზრდება, – ამის შესახებ გერმანული გამოცემა „შპიგელი“ იუწყება.
როგორც გამოცემა წერს, მაკრონმა განაცხადა, რომ სასარგებლო იქნებოდა ვლადიმერ პუტინთან საუბარი, ხოლო ბერლინში შესაძლო მოლაპარაკებებზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს.
„როგორც ჩანს, ეს ინიციატივა მერცთან არ შეთანხმებულა, ამიტომ მას სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთოს, რათა თავიდან აიცილოს ბერლინსა და პარიზს შორის ღია კონფლიქტი“, – წერს გამოცემა.
„შპიგელის“ სტატიაში აღნიშნულია, რომ გერმანიასა და საფრანგეთს შორის ეს კიდევ ერთი უთანხმოება იყო, რომლის დამალვაც სულ უფრო და უფრო რთული ხდება.
„მაკრონისა და მერცის პერსპექტიული ტანდემი, რომელიც ევროპის გაერთიანებას ისახავდა მიზნად, ინგრევა“, – ნათქვამია სტატიაში.
მანამდე, „ფაინენშალ თაიმსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული აქტივების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენების საკითხზე დისკუსიის დროს, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს მთავარმა მოკავშირემ, საფრანგეთის ლიდერმა, ემანუელ მაკრონმა უღალატა. როგორც გამოცემა წერს, ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერების სამიტზე გამართული დისკუსიების დროს, რომლის ფარგლებში ევროპაში გაყინული რუსული აქტივების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენების საკითხი განიხილებოდა, გერმანიის კანცლერი მისი მთავარი მოკავშირის, საფრანგეთის პრეზიდენტის მხარდაჭერის გარეშე დარჩა.
1
0