18/09/2023
21:46
საზოგადოება
18 სექტემბრის მონაცემებით, შოვში, სტიქიის ზონაში, კვლავ ეძებენ ერთ დაკარგულს.
ნაპოვნია 32 ცხედარი.
ბოლო, არასრულწლოვნის ცხედარი მაშველებმა 8 დღის წინ, 10 სექტემბერს, მდინარე ჭანჭახის კალაპოტში იპოვეს.
შოვის ტრაგედიიდან 47-ე დღეს, ჯერ კიდევ ეძებენ სტიქიის დროს დაკარგულ ბოლო, 33-ე ადამიანს - ზაზა მესხის არასრულწლოვან შვილს. ეს ბიჭია უკანასკნელი, რომელსაც ახლა მაშველები ზაზა მესხის ოჯახიდან ეძებენ.
3 აგვისტოს, რაჭის ღვარცოფში მოყოლილი ხუთსულიანი ოჯახიდან ოთხი ცხედარი სტიქიის ზონაში სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. მათგან პირველი, ზაზა მესხის ცოლი, ალინა პოლიკოვსკა, 5 აგვისტოს, სტიქიიდან მესამე დღეს იპოვეს.
ალინას არასრულწლოვანი შვილის, სევას ცხედარს მაშველებმა 10 სექტემბერს მიაგნეს. მანამდე, ერთი დღით ადრე, თბილისში დაკრძალეს ზაზა მესხი და მისი უფროსი ვაჟი, ისიც არასრულწლოვანი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ ამ წუთებშიც აქტიურად მიმდინარეობს შოვის ღვარცოფისას დაკარგული ბოლო ადამიანის, არასრულწლოვანი ბიჭის სამძებრო სამუშაოები. უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მდინარე ჭანჭახისა, რიონის და გუმათჰესის წყალსაცავის მონიტორინგი:
„მაშველების ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, მაგრამ ადგილზე არიან მყვინთავი-მაშველები, მეხანძრე-მაშველები, მუშაობენ დრონებით, მცურავი საშუალებებით, ტერიტორიაზე არიან კინოლოგები. შეგვიძლია გითხრათ, რომ ადგილზეა მაშველების ის რაოდენობა, რაც ამ ტერიტორიის დათვალიერებას სჭირდება. მაშველები ძალიან აქტიურად მუშაობენ, რომ ის ერთი დაკარგულიც იპოვონ“. - აცხადებენ შსს-ში.
რადიო ტავისუფლების ინფორმაციით, უწყება ამ ეტაპზე, არ აკონკრეტებს სამძებრო ღონისძიების დასრულების თარიღს. შსს-ში ამბობენ, რომ ამგვარი თარიღი დათქმული არ არის. ამასთანავე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ არ არსებობს კანონი, პროტოკოლი თუ ბრძანება, რომელიც ადგენს სტიქიის დროს დაკარგულთა ძებნისა და სამძებრო სამუშაოების დასრულების ვადებს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, თემურ მღებრიშვილი, 10 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე აცხადებდა, რომ „პრემიერ-მინისტრის და შს მინისტრის გადაწყვეტილებით, სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება იმ დრომდე, ვიდრე იარსებებს თუნდაც მცირეოდენი შანსი იმისა, რომ ან დაღუპული იქნას ნანახი და თუნდაც რაიმე სახის ფრაგმენტი“.
ღვარცოფი რაჭაში, შოვში, 2023 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათისთვის მოვარდა. ინფორმაციები დაღუპულებსა და დაკარგულებზე, მათ ახლობლებზე დაყრდნობით ვრცელდება მხოლოდ მედიასა და სოციალურ ქსელებში.
წყარო: რადიო თავისუფლება
0
0