შოტლანდიის დასავლეთ სანაპიროზე, ტორფიან ჭაობში, თვითმფრინავის პროპელერი იპოვეს, რომელიც, სავარაუდოდ, მეორე მსოფლიო ომის დროინდელია. კონტრაქტორს, რომელიც კუნძულ არანზე მდებარე Coire a'Bhradain-ში ტორფიანი ნიადაგის აღდგენის სამუშაოებს აწარმოებდა, კარტოფილის ტომრებში გადახვეული პროპელერი, თავდაპირველად, ადამიანის ნაშთები ეგონა.
ექსპერტები იკვლევენ, თუ საიდან გაჩნდა პროპელერი კუნძულ არანზე. მათი მტკიცებით, თვითმფრინავი, კონკრეტულად, B17 Flying Fortress-ის ან B24 Liberator-ის ტიპის უნდა ყოფილიყო, რადგან ორივე მათგანი კუნძულ არანზე ჩამოვარდა და მათაც ანალოგიური ტიპის პროპელერის ფრთები ჰქონდა.
„აღმოჩენილი პროპელერის ფრთა, რა თქმა უნდა, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი თვითმფრინავის ნაწილია. ბეინ ნუისის ციცაბო კლდის მხარეს, ვიწრო ხეობაში, მანამდე ცნობილი ორი ავიაკატასტროფის ადგილია, თუმცა ეს [პროპელერი] ნაპოვნია ორივე ავიაკატასტროფის არეალის გარეთ, რამაც ერთგვარი გაურკვევლობა გამოიწვია, თუ რომელი თვითმფრინავის ნამსხვრევებია ისინი. პროპელერი კარტოფილის ტომრებშია გახვეული, რამაც კიდევ უფრო მეტი ინტრიგა გააჩინა ამ აღმოჩენასთან დაკავშირებით. ნამსხვრევები შეიძლება 1940-იან წლებში, ამ ტერიტორიის გაწმენდის დროს შეგროვდა, ან 1980-იან წლებში - ტრასტის მიერ ჩატარებული შემდგომი სამუშაოების შედეგად.
ნებართვის გარეშე, ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ეს ნამსხვრევები ასეთი ადგილებიდან ამოვიღოთ. ფიუზელაჟის ნამსხვრევების გავრცელების შემდეგ, პროპელერის ფრთის შემთხვევით აღმოჩენა საკმაოდ უჩვეულო მოვლენაა. ობიექტების იდენტიფიცირების მიზნით, ავიაციისა და საჰაერო ხომალდის ექსპერტთან ვმუშაობთ და არსებობს ალბათობა იმისა, რომ თვითმფრინავის ამ ნაწილების სერიული ნომრები სამხედრო პირების ისტორიულ ჩანაწერებს შეესაბამებოდეს, “ - თქვა შოტლანდიის ეროვნული ტრასტის არქეოლოგიური კვლევების ხელმძღვანელმა დერეკ ალექსანდრემ.
შოტლანდიის ეროვნული ტრასტის განცხადებით, მეორე მსოფლიო ომის დროს 6 თვითმფრინავი ჩამოვარდა ხმელეთზე, მათ შორის, კუნძულ არანზე, რომელიც, ამჟამად, დაცული ტერიტორიაა. ტრასტი, უახლესი აღმოჩენის შემდგომი კვლევის მიზნით, შესაბამის ორგანიზაციებთან თანამშრომლობს. 1943 წლის 24 აგვისტოს, B24 Liberator-ი სწორედ იმ ადგილზე ჩამოვარდა, სადაც პროპელერის ფრთა იპოვეს. ავიაკატასტროფის შედეგად, დაიღუპა ბორტზე მყოფი ეკიპაჟის წევრები და მგზავრები, სულ, 11 ადამიანი. ცხედრები უბედური შემთხვევის ადგილიდან მალევე ამოიღეს.
0
0