04/11/2022
15:05
მსოფლიო
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა პეკინში ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან მოლაპარაკებები გამართა. გერმანიის კანცლერის თანამდებობის დაკავების შემდეგ ეს შოლცის პირველი პირისპირ შეხვედრაა ჩინეთის პრეზიდენტთან.
”ჩვენ ვიკრიბებით დიდი დაძაბულობის დროს. კერძოდ, მინდა ხაზი გავუსვა რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც ბევრ პრობლემას უქმნის ჩვენს მსოფლიო წესრიგს“, - თქვა შოლცმა.
შოლცმა ჩინეთს "დიდი ქვეყანა" უწოდა, რომელიც პასუხისმგებელია მსოფლიოში მშვიდობის დამყარებაზე და დასძინა, რომ პეკინი და ბერლინი შეთანხმდნენ, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით რუსული რიტორიკა მიუღებელია.
შოლცი ასევე გამოეხმაურა ჩინეთში მისი ვიზიტის კრიტიკას და თქვა: "კარგი და სწორი ნაბიჯია, რომ დღეს პეკინში ვიმყოფები". როგორც ცნობილია, პეკინში გამგზავრებამდე ჩინელმა დისიდენტებმა და უიღურთა მსოფლიო კონგრესმა შოლცის ვიზიტის გაუქმება მოითხოვეს.
თავის მხრივ, სი ძინპინმა აღნიშნა, რომ "ცვლილებებისა და არეულობის ფონზე" ჩინეთსა და გერმანიას შორის თანამშრომლობის გაძლიერება მნიშვნელოვანია.“ მან ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთი და გერმანია, როგორც დიდი გავლენის მქონე ქვეყნები, უფრო მეტად უნდა მუშაობდნენ ერთად.
„ამჟამად საერთაშორისო ვითარება რთული და ცვალებადია. როგორც დიდმა და გავლენიანმა ქვეყნებმა, ცვლილებებისა და არეულობის დროს ჩინეთმა და გერმანიამ უფრო ინტენსიურად უნდა იმუშაონ ერთად, რათა მეტი წვლილი შეიტანონ მსოფლიო მშვიდობასა და განვითარებაში“, - განაცხადა სი ძინპინმა.
პეკინში გამგზავრებამდე შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია-ჩინეთის ურთიერთობებს შეცვლიდა - მან პირობა დადო, რომ წინ წამოწევდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა ადამიანის უფლებების დარღვევა და ჩინეთის ხელისუფლების დამოკიდებულება ეთნიკური უმცირესობების მიმართ. უკრაინაში რუსული არმიის შეჭრის შემდეგ, ბევრი დიპლომატი მოუწოდებს გერმანიას „ისწავლოს გაკვეთილები“ და შეწყვიტოს ეკონომიკური დამოკიდებულება ჩინეთზე - მის ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორზე.
0
0