
გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლის, რამაზ კობერიძის განაცხადებით, შიომღვიმის მონასტრის მიმდებარედ, სადაც გუშინ კლდის მასა ჩამოიშალა, კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე არანაირი საფრთხე არ არსებობს.
„ამჟამად საფრთხე მინიმალურია. ამ ეტაპზე კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს. საბოლოო დასკვნას უახლოეს მომავალში გაცნობებთ. ამ ეტაპზე არანაირი საფრთხე არ არსებობს, თუმცა ვაკვირდებით. გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვები ხევის კალაპოტზე უნდა დაწესდეს. სრულ კოორდინაციაში ვართ ყველა უწყებასთან. ხევის გაწმენდა უახლოეს საათებში უნდა დაიწყოს“, – განაცხადა რამაზ კობერიძემ.
შიომღვიმის მონასტრის ტერიტორია, რომელიც გუშინ მომლოცველებისთვის და ტურისტებისთვის დაკეტილი იყო, დღეს დილიდან გაიხსნა. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა საბამ განაცხადა, შიომღვიმეში კლდის ნაწილი ჩამოშლა ყოველწლიურად ხდება.
შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიასთან კლდის ნაწილი გუშინ ჩამოიშალა.
0
0