-share.jpg)
კლდის ნაწილის ჩამოშლის გამო შიო-მღვიმის მონასტერთან გადაადგილება მეორე დღეა ნაწილობრივ შეზღუდულია. თუმცა მომლოცველები მონასტრის ტერიტორიაზე მაინც იმყოფებიან.
მონასტერი მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დილით 10:00 საათიდან გახსნილია.
გეოლოგები ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და მათი პირველადი შეფასებით მონასტრის ჩრდილოეთით, ციცაბოდ დახრილ ფერდობზე ადგილი ჰქონდა სხვადასხვა შემადგენლობის მასის მყისიერ ჩამოშლას. ჩამოშლილი მასა კი სპეციალისტების თქმით მიმდებარე ხევში განიტვირთა.
უახლოეს პერიოდში დაგეგმილია დამატებითი გეოლოგიური კვლევებიც.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამონასტრო კომპლექსთან, სადაც გუშინ კლდის ნაწილი ჩამოიშალა, ქვათაცვენა გრძელდება. სალოცავში რჩებიან ბერ-მონაზვნები.
ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიცემა ტერიტორიიდან ევაკუაციის რეკომენდაცია. გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჯგუფი დილიდან ადგილზე იმყოფება და მომხდარს იკვლევს.
შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიასთან კლდის ნაწილი გუშინ ჩამოიშალა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. არ დაზიანებულა სამონასტრო კომპლექსი - ამის შესახებ საუბარია საპატრიარქოს გუშინდელ განცხადებაში.
0
0