
შინაგან საქმეთა და მიგრაციის საკითხებში ევროკომისარმა მაგნუს ბრუნერმა განაცხადა, რომ ესპანეთის ქალაქ სეუტაში განვითარებული მიგრაციული კრიზისი ევროკავშირის გარე საზღვრების უსაფრთხოებისა და ბლოკის მდგრადობისთვის „ტესტი“ იყო.
ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრის შემდეგ ბრუნერმა აღნიშნა, რომ ყველა წევრმა ქვეყანამ ესპანეთს სრული სოლიდარობა გამოუცხადა.
მისი თქმით, ესპანეთის ხელისუფლებამ მინისტრებს განუმარტა, რომ ვითარება უკვე ექვემდებარება კონტროლს და ევროკავშირის ან შენგენის ზონის სხვა ქვეყნებში მიგრანტების შემდგომი გადაადგილება არ დაფიქსირებულა.
ბრუნერის განცხადებით, ევროკავშირი იზიარებს მადრიდის შეფასებას, რომ კრიზისი ადამიანთა კონტრაბანდისტულმა ქსელებმა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა დეზინფორმაციამ გაამწვავა.
შინაგან საქმეთა და მიგრაციის საკითხებში ევროკომისარმა აღნიშნა, რომ ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი მაროკოს როლს ვითარების სტაბილიზაციაში.
ამასთან, ბრუნერმა თავი შეიკავა მაროკოსთვის პასუხისმგებლობის დაკისრებისგან და აღნიშნა, რომ მიმდინარეობს ოფიციალური გამოძიება, რის დასრულებამდეც დამატებითი კომენტარის გაკეთება არ სურს.
მისივე თქმით, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური ასევე იძიებს, დეზინფორმაციის გავრცელებაში მხოლოდ კონტრაბანდისტები და ადამიანთა გადამყვანი ქსელები მონაწილეობდნენ თუ ამ პროცესში რუსეთსაც ჰქონდა რაიმე როლი. თუმცა, ბრუნერის შეფასებით, ამ ეტაპზე რუსეთის პირდაპირი კავშირის დადასტურება ნაადრევია.
კომისარმა ასევე კომენტარი გააკეთა იტალიის გადაწყვეტილებაზე, გაემკაცრებინა კონტროლი ესპანეთთან დაკავშირებულ საზღვრებზე. მისი თქმით, ეს თითოეული წევრი სახელმწიფოს სუვერენული გადაწყვეტილებაა, თუმცა ახლა უკვე ნათელია, რომ ევროკავშირის სხვა ქვეყნებში მიგრანტების გადაადგილება არ ხდება.
ბრუნერმა აღნიშნა, რომ კრიზისის ამსახველმა კადრებმა ევროპის მოქალაქეებში შეშფოთება გამოიწვია, რის გამოც ზოგიერთმა სახელმწიფომ სწრაფი რეაგირება გადაწყვიტა.
ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინიატრების შეხვედრაზე ასევე განიხილეს მესამე ქვეყნებში მიგრანტებს ე.წ. დაბრუნების ჰაბების შექმნის იდეა, რომელსაც იტალია და რამდენიმე სხვა ქვეყანა უჭერს მხარს. ბრუნერის თქმით, ეს მხოლოდ ერთ-ერთი შესაძლო ინსტრუმენტია, თუმცა ევროკავშირის მთავარი პრიორიტეტი კვლავ თავშესაფრისა და დაბრუნების საერთო სისტემის რეფორმაა.
ამასთან, ევროკომისარმა გააკრიტიკა ესპანეთის გეგმა, რომლის მიხედვითაც, ესპანეთში მყოფი 1,2 მილიონზე მეტი მიგრანტის სტატუსის ლეგალიზაცია იგეგმება. მან აღნიშნა, რომ ეს საკითხი დღევანდელ შეხვედრაზე არ განხილულა და სეუტის მოვლენებთან „პირდაპირი კავშირი არ აქვს“.
„ამ ლეგალიზაციის პროცესზე როდესაც ვსაუბრობ, ყოველთვის ვამბობ, რომ ეს ნამდვილად არ არის კარგი სიგნალი, განსაკუთრებით დანარჩენი ევროპისთვის. მესმის, რომ ეს წევრი სახელმწიფოს კომპეტენციაა, მესმის, რომ ესპანეთმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, რადგან საქმე ძირითადად ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან ჩასულ ადამიანებს ეხება, რომლებიც იმავე ენაზე საუბრობენ და მსგავსი კულტურა აქვთ, თუმცა დანარჩენი ევროპისთვის ეს ნამდვილად არ არის კარგი სიგნალი“, – განაცზადა ბრუნერმა.
0
0
6 აგვისტოს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
04/08/2026