
ჩვენ ყველა გელოდებით ხვალ, 9:00 საათზე პარლამენტთან , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ხატია დეკანოიძის თქმით, შეხვედრისას შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო, რომელშიაც გაწევრიანდებიან პროდასავლური პოლიტიკური ძალები, არასამთავრობო სექტორი და ყველა ის ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ საქართველოს ევროპული მომავალი საფრთხეშია.
„ჩვენ გავაგრძელებთ ძალიან მჭიდრო კოორდინაციას არასამთავრობო სექტორთან და ყველა იმ ადამიანთან, ვინც ვერთიანდებით ევროპისთვის. საქართველო უნდა იყოს ევროპის ნაწილი და ამაში ვერთიანდებით ყველა.
ჩვენ შევქმენით საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც იქნება ყველა ის პროდასავლური პოლიტიკური ძალა, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში ნამდვილად იბრძოდა საქართველოს მომავლისთვის, არსამთავრობო სექტორი და ყველა ის ადამიანი, რომელიც რეალურად ფიქრობს იმას, რომ დღეს საქართველოს სახელწმიფო არის საფრთხის წინაშე იმიტომ, რომ ეს საფრთხე არის პირველ რიგში „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის სურვილი, რომ საქართველო გადააქციოს რუსეთად.
დღევანდელმა და მათ შორის წინა დღეების წინააღმდეგობამ პარლამენტში ნამდვილად მოიტანა ის, რომ შევძელით, არ ჩატარდა ბიუროს სხდომა, მაგრამ ამით ყველაფერი არ დასრულებულა.
მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ ვინც ფიქრობს, რომ ამ ქვეყნის გადარჩენა არის აუცილებელი, მნიშვნელოვანი და ევროატლანტიკური მისწრაფებები არის უპირველესი და ის, რომ არ შეიძლება რუსული კანონის მიღება, ჩვენ ყველას გელოდებით ხვალ, 9 :00 საათზე პარლამენტთან იმიტომ, რომ ხვალ 10:00 საათზე არის ბიუროს სხდომა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაჩვენოთ „ქართულ ოცნებას“, რომ ვარსებობთ ამ ქვეყანაში ადამიანები, ვისაც არ სურს რუსეთი და არ იქნება ეს ქვეყანა რუსეთი. გავაგრძელებთ ბრძოლას პარლამენტის შიგნით და პარლამენტის გარეთ“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
0
0