16/11/2024
10:31
სპორტი
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და „ბაზელის“ ნახევარმცველმა, გაბრიელ სიგუამ კომენტარი გააკეთა ხორვატიის 21-წლამდელთა ნაკრებთან პლეი ოფის პირველი მატჩის მოგებაზე და საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა – 18 წლის ფეხბურთელი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მოედანს მხოლოდ ნოემბერში დაუბრუნდა.
„მთლიანობაში კმაყოფილი ვარ ჩვენი გუნდის თამაშით – კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ. უფრო დიდი ანგარიშით მოგებაც შეიძლებოდა. ახლა უნდა მოვემზადოთ საპასუხო თამაშისთვის, რომ ევრო 2025-ზე მოხვედრა მოვახერხოთ.
ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კლუბში რომ ჩავედი, ერთ-ერთი თამაშის დროს ცუდად შემეჯახნენ, მერე კოჭი გადამიბრუნდა. მოედანს სამი თვის შემდეგ დავუბრუნდი. „ბაზელში“ 15 წუთი ვითამაშე, ნაკრებში – უფრო მეტი დრო მომეცა. ვთვლი, რომ ნელ-ნელა უფრო მეტს შევძლებ და შევეცდები, ჩვენს გუნდს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაში დავეხმარო. რაც მთავარია, თავს ბევრად უკეთესად ვგრძნობ“, – განაცხადა გაბრიელ სიგუამ.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის საპასუხო მატჩში ხორვატიის 21-წლამდელების გუნდს 19 ნოემბერს ქალაქ რიეკაში 22:00 საათზე დაუპირისპირდება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
0
0