
კინოთეატრების ბილეთების შეძენა ჯერ ისევ მხოლოდ ამ tkt.ge-ზეა შესაძლებელი, თუმცა გაყიდვა მალე biletebi.ge-ზეც დაიწყება. კომპანიას, რომელსაც ელექტრონული ბილეთების რეალიზაციის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ბილეთების გაყიდვის უფლება წლის დასაწყისში შეუჩერდა. მაშინ ეს შესაძლებლობა თიბისი ბანკმა ექსკლუზიურად მოიპოვა და საკუთარ პარტნიორს, tkt.ge--ს გადასცა.
ხელშეკრულების პირობის მიხედვით, "სადისტრიბუციო კომპანია" მათ 2 წლის ვადით გადასცემდა ქვეყანაში მოქმედი 6 ძირითადი კინოთეატრის ბილეთებს, იმავდროულად ავალდებულებდა, ბილეთები არ გადაეცათ სხვა კომპანიებისთვის.
რატომ აიღო "თიბისი გრუპმა" რეალიზაციაზე მონოპოლია - tkt.ge განმარტებისგან თავს იკავებს. მედიასთან კომენტარს არ აკეთებს არც biletebi.ge, რომელმაც ამ საკითხის გასარკვევად კონკურენციის სააგენტოს მიმართა. მოკვლევა რამდენიმე თვეა გრძელდება და კონკრეტული შედეგი უკვე აქვს.
სააგენტოს შუამდგომლობა, რომ tkt.ge-ს ექსკლუზიური რეალიზაციის უფლება შეუჩერდეს, სასამართლომ დააკმაყოფილა - მოკვლევის დასრულებამდე. შედეგად, ბილეთების გაყიდვა ახლა სხვა სუბიექტებსაც შეუძლიათ.
"თიბისი გრუპის" და მისი პარტნიორი კომპანიების მიმართ მოკვლევა ორი მიმართულებით მიმდინარეობს - დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების და კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების შესაძლო ფაქტებზე.
0
0