
რამდენიმე დღის წინ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, დაკავებულ იქნა ერთ-ერთი ყოფილი პოლიტიკური თანამდებობის პირი - ყველა საკითხს ნათელს მოვფენთ, - ამის შესახებ სუს-ის ხელმძღვანელმა ანრი ოხანაშვილმა პარლამენტში სუს-ს ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი განმარტებით, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა მუშაობა იმისთვის, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შექმნილიყო შესაბამისის სამართლებრივი სტანდარტი, რომ მომხდარიყო აღნიშნული კონკრეტული ყოფილი მაღალი რანგის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის პასუხისგებაში მიცემა.
„რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, დაკავებულ იქნა ერთ-ერთი ყოფილი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი. რა თქმა უნდა, შესაძლებელია კითხვებს აჩენდეს ამ პრევენციულ ღონისძიებებთან ერთად თქვენი მხრიდან ისიც, თუ როგორ აღმოჩნდა აღნიშნული ტიპის დანაშაული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტროლს მიღმა. შესაძლებელია ეს იყოს ბუნებრივი შეკითხვა, თუმცა ამ მიმართულებითაც ჩვენ ვმუშაობთ და ყველა საკითხს ნათელს მოვფენთ.
გარკვეულ კითხვის ნიშნებს ბადებს, თუ როგორ მოახერხა მან შესაძლო დანაშაულებრივი სქემის რეალიზება,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ამასთან, როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, საქართველო კვლავ ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს კორუფციისგან თავისუფალი ქვეყნების რიგში და პირველ ადგილზეა სამხრეთ კავკასიის, შავი ზღვის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში. მისი თქმით, 2024 წლის განმავლობაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით აქტიურად ტარდებოდა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები. გრძელდებოდა კორუფციისადმი მოწყვლადი ჯგუფებისა და სფეროების იდენტიფიცირება, საჯარო სექტორში კორუფციული რისკების შემცირება-აღმოფხვრისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
მისი თქმით, სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ სასამართლოში წარმართული საქმეებიდან არცერთ მათგანზე არ დამდგარა გამამართლებელი განაჩენი, რაც მიუთითებს სამსახურში არსებულ გამოძიების მაღალ სტანდარტზე.
2024 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 23 საქმეზე და ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 39 პირი.
ცნობისთვის, პროკურატურის ბრალის მიხედვით, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. კერძოდ კი, ბრალდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის 2 556 192 ლარის უკანონო დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია განახორციელა. სამართალდამცველებმა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. რომეო მიქაუტაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
0
0