-share.jpg)
გამომცემლობა “არტანუჯის” დამფუძნებელი, ბუბა კუდავა, შოვში დატრიალებულ სტიქიურ უბედურებას ეხმაურება და კახა კალაძის ოჯახის მიმართ კითხვებს სვამს:
"უმთავრეს პრობლემებზე კონცენტრირება რომ სულ გვიჭირს, ამით სულ კოხტად სარგებლობენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი თუ იმა ქვეყნისანი.
ძირითადი საფიქრალებიდან ისე ოსტატურად გადააქვთ ისრები და ისე დოყლაპიებივით გვტოვებენ ხოლმე, რომ ლამის ტაში ვუკრა ფეხზე დგომით.
ახლაც, ამდენი ხალხი დაგვეხოცა, ოჯახები ამოწყდა, ბევრის ცხედარიც არ არის ნაპოვნი და ამ დროს კალაძის „დაცვა“ გახდა თემა.
აღშფოთდა ერი!
ხო, ყველა ვამუნათოთ და ვლანძღოთ, ვისაც ეჭვი გაუჩნდა, ვინც კითხვები დასვა, ვინც კრიტიკულია, ვინც არ ენდობა ჩინოვნიკებს. ვყლაპოთ მხოლოდ ოფიციალური აბები და ვიქნებით მშვიდად და ტკბილად, როგორც საბჭოეთში.
გაავლეს უკვე მსგავსი პარალელები და მეც დავამატებ: პარიზის მერს, იტალიის პრემიერს, ნიუ-იორკის მერს, კალიფორნიის გუბერნატორს, ან ნებისმიერ მაღალი ინტერესის პირს ოჯახი რომ გაეყვანა იმ ზონიდან, რომელსაც 2 საათში უბედურება დაატყდა თავს, შესაბამის ქვეყნებში არ გაჩნდებოდა კითხვები? ეჭვები? გამოძიება თუ არა, მოკვლევა მაინც არ დაიწყებოდა? ჟურნალისტური თუ საზოგადოებრივი გამოძიებებით არ აჭრელდებოდა მედია?
ფაქტებისა და მოკვლევის გარეშე ხელაღებით რაიმეს მტკიცება, ასეთისა თუ ისეთის, ცხადია, საბოლოოდ უნაყოფოა. მეორე მხრივ, დიახ, სრულიად ლეგიტიმურია ეჭვი, რომ რაღაც დონეზე რაღაც ინფორმაცია არსებულიყო და რამდენიმე თანამდებობის პირს „სიფრთხილეს თავი არ სტკივა“-ს პრინციპით ემოქმედა.
„ამდენ ხალხს როგორ გაწირავდა“ არგუმენტი სრული უაზრობაა, რადგან წინასწარ არავინ, და ცხადია არც კალაძემ, არ იცოდა სტიქიის მასშტაბები და არც „შეტყობინების“, თუკი ასეთი არსებობდა, სანდოობა. თავისუფლად შესაძლებელია დაშვება, რომ რაღაც „ინფორმაციაზე“ დაყრდნობით, ოჯახი განარიდა შესაძლო საფრთხეს, მთელ კურორტსა და რეგიონში განგაშის ატეხვას კი უბრალოდ მოერიდა, რადგან განგაში დიდ სკანდალში გადაიზრდებოდა, თუკი პროგნოზი, ეჭვი თუ ინტუიცია გამტყუნდებოდა.ზოგადად, ეს „არ გაწირავდა“ უსარგებლო ფრაზაა. ვიღაცამ საკუთარი ხელით ჩახრჩო ქვევრში 10 თვის ბავშვი და დღემდე დაუსჯელად დაიარება ჩვენ შორის. ვინ უწყის, დამგეგმავები, ეგება და, მორალსაც გვიკითხავდნენ ტელეეკრანებიდან.
დარწმუნებული ვარ, სიმართლეს ვერც გავიგებთ (ახლა მაინც), რადგან გამოძიება არ დაიწყება და მხოლოდ ემოციების, ინტუიციებისა და პოლიტიკური სიმპატია-ანტიპატიების ამარა დავრჩებით. მაგრამ იმის დრო მაინც დადგა, კრიტიკული კითხვების დასმასაც მივეჩვიოთ და მორალისტობასაც თავი გავანებოთ. გავიზარდეთ უკვე და თითის ქნევები კონტრპროდუქტიულია, გემახსოვრებათ ბავშობის გამოცდილებიდან.
და მსჯელობა ამ დონეს ვერასოდეს გასცდება, თუ არ გვექნება მტკიცე და მიუკერძოებელი საგამოძიებო ორგანოები, სამართლიანი და დამოუკიდებელი სასამართლო, ძლიერი და თავისუფალი მედია", წერს კუდავა.
როგორც ცნობილია, "ქრონიკა" კახა კალაძის ოჯახის წევრების მიერ “სანსეტ შოვის” ტერიტორიის დატოვების ვიდეომასალას ავრცელებს.
0
0