
გამოძიებას მტკიცებულებათა ერთობლიობა აქვს გამოსაქვეყნებელი - შეფასებების ერთობლიობა უნდა იყოს გამყარებული ფაქტებით და რასაკვირველია, ამ შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისმა სტრუქტურებმა ექსტრადირება მოითხოვონ, - ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა სპიკერმა, გია ვოლსკიმ შეკითხვას, მოითხოვს თუ არა ქართული მხარე გიორგი გახარიას ექსტრადიციას.
მისი თქმით, რეალურად, თუ შევხედავთ ვითარებას, „საკმაოდ მძიმე შედეგი დაუდგა საქართველოს და განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვინც ჩორჩანას საგუშაგოს სიახლოვეს ცხოვრებდა“. რაც შეეხება 20 ივნისის თემას, ვოლსკის განცხადებით, გარდა იმისა, რომ სტრასბურგმა მოითხოვა გამოძიება იმ გადაცდომების, რაც პოლიციამ ჩაიდინა, ისიც გასათვალისწინებელია, თავად პოლიცია რა მდგომარეობაში ჩააყენა ხელმძღვანელობამ, ამ შემთხვევაში გახარიამ.
„გამოძიებას მტკიცებულებათა ერთობლიობა აქვს გამოსაქვეყნებელი. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას შესაბამისი სტრუქტურა მიიღებს - მოითხოვოს თუ არა ექსტრადიცია, მაგრამ რეალურად, თუ შევხედავთ ვითარებას - საკმაოდ მძიმე შედეგი დაუდგა საქართველოს და განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვინც ჩორჩანას საგუშაგოს სიახლოვეს ცხოვრებდა. საოცრება ის არის, რომ [გახარიას] ამ ნაბიჯზე არავისთან შეთანხმება არ ჰქონია. ჩნდება არგუმენტირებული ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს განზრახ იქნა ჩადენილი იმისთვის რომ შეტაკება მომხდარიყო ან რუსეთს უფრო მკაცრი და ხისტი ზომები მიეღო საქართველოს მიმართ, რაც შემდეგ პროცესების განვითარებას გამოიწვევდა. პროკურატურისთვის ეს მოსაზრებები საგულისხმოა, მაგრამ ამასთან დაკავშირებით ფაქტი მხოლოდ ის არის, რომ საქართველომ უშველებელი ტერიტორია დაკარგა და კვლავ გაიზარდა საოკუპაციო ზონა.
რაც შეეხება 20 ივნისის თემას. გარდა იმისა, რომ სტრასბურგმა მოითხოვა გამოძიება იმ გადაცდომების, რაც პოლიციამ ჩაიდინა, ისიც გასათვალისწინებელია, თავად პოლიცია რა მდგომარეობაში ჩააყენა ხელმძღვანელობამ, ამ შემთხვევაში გახარიამ. რამდენიმე საათის განმავლობაში იდგნენ ამ გააფთრებული შტურმის წინააღმდეგ, არ ინძრეოდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ, გაიტაცეს, რამდენიმე მათგანს წაართვეს ეკიპირება, დაამცირეს და ამის შემდეგ განვითარდა პროცესები, რომლის გამოძიებაც სტრასბურგმა მოითხოვა. ამ შეფასებების ერთობლიობა უნდა იყოს გამყარებული ფაქტებით და რასაკვირველია, ამ შემთხვევაში შესაძლოა შესაბამისმა სტრუქტურებმა ექსტრადირება მოითხოვონ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
0
0