
აშშ-ის შტატ არკანზასში, ციხიდან პირობით გათავისუფლებულმა მამაკაცმა ბრიუს ლი ქოქრელმა 35 წლის ცოლს ტონია ქოქრელს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. პოლიციამ დაადასტურა, რომ „შოკისმომგვრელ ინციდენტამდე ქალმა განაცხადა, რომ მას ქმრის ეშინოდა".
ინციდენტი ცოლ-ქმრის საერთო სახლში მოხდა. ტონია ქოქრელს მთელ სხეულზე მძიმე დამწვრობები აღენიშნებოდა. მოგვიანებით, ქალი გარდაიცვალა. არკანზასის პოლიციამ 47 წლის მამაკაცი მკვლელობის ფაქტზე დააკავა.
The Mirror-ის ინფორმაციით, ტონია ქოქრელი, ქმრის თავდასხმის შედეგად მიყენებული ფიზიკური დაზიანებებით, მანამდეც იმყოფებოდა საავადმყოფოში, სადაც მან სამედიცინო პერსონალს აცნობა, რომ ქმრისგან შეურაცხყოფას გარკვეული პერიოდის განმავლობაში ითმენდა. ტონიას თქმით, ბრიუს ქოქრელი მას სცემდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა - ეუბნებოდა, რომ ის "მახინჯი" იყო.
სასამართლოს დოკუმენტების თანახმად, თებერვალში, ტეხასის პოლიციამ ტონია ქალაქის ცენტრში სამშენებლო მასალების ქურდობასთან დაკავშირებით დაკითხა. ქალმა აღიარა, რომ, სამშენებლო მასალების გაყიდვის მიზნით, ქმარს იძულებით მისი ვინაობით მანიპულირების ნება დართო, რადგან ქმრის ეშინოდა.
ივნისში, ტეხასის ბოუის ოლქში, ბრიუს ლი ქოქრელს ქურდობისთვის ხუთწლიანი პირობითი სასჯელი შეეფარდა. გათავისუფლებიდან ორ კვირაში, მას ცოლის სასტიკ მკვლელობაში წაუყენეს ბრალი. ამჟამად, ქოქრელი ჰემპსტედის ოლქის ციხეში, მკვლელობისა და ხანძრის გაჩენის ბრალდებით, იმყოფება.
0
0