
ბათუმელები ავრცელებს ინფორმაციას, რომ შემოსავლების სამსახურმა მათ ანგარიშებს ინკასო დაადო. როგორც ბათუმელების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ინკასოს ოფიციალური მიზეზი დავალიანებაა, მაგრამ მედია აღნიშნულს პოლიტიკურ ზეწოლასა და მზია ამაღლობელის მოახლოებულ განაჩენს უკავშირებს.
ბათუმელების ცნობით, კოდექსის შესაბამისად, მათ შემოსავლების სამსახურს ოფიციალურად მიმართეს და გრაფიკით გადახდა მოითხოვეს, რაზეც უარი ეთქვათ.
"პირველ ივლისს ბათუმელებს შემოსავლების სამსახურიდან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ ვალი გვაქვს, რომელიც 5 დღეში უნდა გადავიხადოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ანგარიშებს ინკასოს დაადებენ, შემდეგ კი ქონებას დააყადაღებენ და დაიწყება აღსრულება. ანუ აღსრულების ეროვნული ბიურო ბათუმელების ქონებას გაყიდის. საუბარია რედაქციის ტექნიკურ აღჭურვილობასა და ოფისზე.
ამ ეტაპზე ბათუმელების დავალიანება ბიუჯეტის წინაშე – ძირი თანხა არის 47 ათასი ლარი [თვის დასაწყისში იყო 136 ათასი ლარი და გადავიხადეთ]. ასევე გვერიცხება სხვა თანხაც – საურავი 126 ათასი ლარი და ჯარიმა – 109 ათასი ლარი.
ბათუმელებს სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანება აღიარებული ჰქონდა და ყოველთვიურად იხდიდა შესაბამის თანხებს მის დასაფარად.
ინკასოს მუქარის შემდეგ, ბათუმელებმა შემოსავლების სამსახურს ოფიციალურად მიმართა და ითხოვა ვალის გადასახდელად ჩვენთვის შემოეთავაზებინათ გრაფიკი. ამას საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს.
უარი გვითხრეს.
17 ივლისს კი, ბათუმელების ანგარიშებს დაადეს ინკასო.
დღეს, 21 ივლისია და მზია ამაღლობელის ბოლოს წინა პროცესი იმართება სასამართლოში. შესაბამისად, ინკასო და უახლეს ერთ კვირაში დაგეგმილი ყველა სხვა ოპერაცია მიმართულია მზია ამაღლობელის გასატეხად, პერსპექტივაში კი მის მიერ შექმნილი მედია ორგანიზაციის გასანადგურებლად". - ნათქვამია ბათუმელების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მედიას პოლიტიკური ნიშნით დევნის მაგალითად მოჰყავს ასევე ის, რომ შემოსავლების სამსახურის დავალიანება სამთავრობო პროპაგანდისტულ მედიებსაც აქვთ, რომელიც რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენს.
"ამის მარტივი დადასტურებაა ერთი მაგალითი: შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 21 მაისის ოფიციალური ინფორმაციით, ტელეკომპანია იმედის დავალიანება ბიუჯეტის წინაშე არის 17 მილიონი ლარი. რუსთავი 2-ს კი 25 მილიონი ლარი აქვს ბიუჯეტისთვის გადასახდელი" - წერს ბათუმელები.
ბათუმელების შეფასებით, აღნიშნული არის ზეწოლა მზია ამაღლობელზე, რათა ის დანებდეს მოახლოებული განაჩენის წინ.
0
0