
ჩვენი ტაქტიკა და პოლიტიკური ნაბიჯები დაკავშირებული იქნება არა თავდაცვასთან, არამედ „თავდასხმით პოზიციასთან“, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.
„წლების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ ერთიანობაზე საუბრობს, თუმცა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები თავს ესხმიან „ნაციონალურ მოძრაობას“, ამიტომ ყველამ პირი გამოირეცხოს სანამ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ისაუბრებს. ჩვენი ტაქტიკა, შემდეგი პოლიტიკური ნაბიჯები დაკავშირებული იქნება არა თავდაცვასთან, არამედ „თავდასხმით პოზიციასთან“ - შეტევითი პოზიცია გვექნება“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.
ამასთან, მისივე განცხადებით, პარტია აქტიურ მონაწილეობას მიიღებს პროტესტში, რომელიც რეგიონებში და თბილისში იმართება.
„აქციების მეორე ფაზა, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ გაზაფხულზე დაიწყება, აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ ყველა ქალაქში, რეგიონში, განსაკუთრებით დედაქალაქში. ძალიან მძიმე ბრძოლები გველოდება.
სტრატეგიასთან დაკავშირებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება შემდეგს: არც ერთი ნაბიჯი უკან არავისთან! თუ ვინმეს ერთიანობა უნდა, ჩვენ მზად ვართ, არც პარტიის ლოგოზე ვაფრენთ, არც პარტიის ნომერზე, ჩვენ ჩვენი ქვეყანა გვიყვარს, ქვეყანა გვაქვს გადასარჩენი, შესაბამისად, ყველა დისკუსიისთვის მზად ვართ, სადაც რეალური ერთობა იქნება და არა ის, რომ ჩვენ ყველას ვეფეროთ და 13 წელია ჩვენს კისერზე წისქვილის ქვა დატრიალდა, თქვენ 2 დღეა ოპოზიციაში ხართ, მოდი ერთიანები ვიყოთ, იმათმა კი ქვა და ტალახი გვესროლონ, ასე არ გამოვა, ჯიგრებო!“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
კითხვაზე, გულისხმობს თუ არა გიორგი გახარიას პარტია, ხაბეიშვილი პასუხობს, „კი“.
მისი თქმით, „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები ან პარლამენტიდან უნდა გამოვიდნენ ან ოპოზიციის ლანძღვას შეეშვან, ან ერთიანობას დათანხმდენ.
„რა არის დასამალი, კი. დღე-ნახევარია ოპოზიციაშია და პარლამენტიდან არ გამოდიან. კითხეთ, რატომ არ ტოვებენ პარლამენტს თუ არალეგიტიმურია? რაღაც ფინანსებზე ბუტბუტებენ. მაგათმა ფინანსები რომ მოიპარეს „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ეგეთი უნდა. ამიტომ, რაღაც ქნას: ან პარლამენტიდან გამოვიდეს, ან ოპოზიციის ლანძღვას შეეშვას, ან ერთიანობას დათანხმდეს. რაღაც მოქმედებებს რომ არ აკეთებს, საზოგადოებამ დასკვნა უნდა გამოიტანოს - ვინ არის ოპოზიცია და ვინ ბიძინას კარის კაცი“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.
0
0