20/04/2023
01:05
პოლიტიკა
როცა საქმე ეხება საგამოძიებო კომისიის შექმნას, რაც მათი [ოპოზიციის] ინიციატივაა დღეს, კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, მგონი, საბოლოო ჯამში, ისინი ხელს გამოკრავენ საგამოძიებო კომისიის შექმნას მათ წინააღმდეგ - კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ჩადენილი დანაშულები საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, შესაბამისად, მათ არა გამოძიება, არამედ, სისტემატიზაცია სჭირდებათ.
ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა 2008 წლის აგვისტოს ომზე და აღნიშნა, რომ საკმარისია იმდროინდელი ტელევიზიების მიერ გაშუქებული მოვლენების ნახვით, ყველასთვის ნათელი იქნება, თუ რა დანაშაული ჩაიდინა მაშინდელმა ხელისუფლებამ.
კითხვაზე, რა ფორმით შეიძლება "გამოკრას ხელი" ოპოზიციამ საგამოძიებო კომისიის შემქნას და განიხილება თუ არა ეს საკითხი „ქართულ ოცნებაში“, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ განცხადა, რომ ის არაფერს გამორიცხავს.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა ისიც, რომ ათი წლის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი დანაშაულების საზოგადოებისთვის შეხსენება, შესაძლოა, კარგი დრო იყოს, ვინაიდან არიან ახალგაზრდები, რომლებსაც არ ახსოვთ წინა ხელისუფლების დროს არსებული ვითარება.
„არაფერს გამოვრიცხავ, დაველოდოთ. ათი წელია გასული მათ მიერ ამ დანაშუალების ჩადენიდან - მადლობა ღმერთს, მათ აღარ შეუძლიათ ხელისუფლების პოზიციებიდან ასეთი დანაშაულების ჩადენა. ხალხმა ამოისუნთქა, ბიზნესმა მოიპოვა თავისუფლება, ციხეებში 2.5-ჯერ შემცირდა პატიმრების რაოდენობა, ადამიანები გათავისუფლდნენ იმ წნეხისგან, რომელიც ადეიშვილი-სააკაშვილის სასამართლოს მხრიდან ჰქონდათ და ა.შ. მაგრამ, ათი წელია გასული, რაც ნიშნავს იმას, რომ ემოციურ დონეზე მაინც, თითოეულ ჩვენგანს, საზოგადოებას ავიწყდება, ის დანაშაულები, რაც მათ მიერ იქნა ჩადენილი. შეისაბამისად, ათი წლის თავზე, შეიძლება, კარგი დრო იყოს იმისათვის, რომ უბრალოდ გავახსენოთ ეს საზოგადოებას. მათ შორის არიან, პირობითად, 20 წლის ახალგაზრდები, რომლებიც ათი წლის წინ იყვნენ 10 წლის და საერთოდ არ უნახავთ ეს წლები, არ ახსოვთ, რა ხდებოდა „ნაცმოძრაობის“ დროს. შეიძლება, ათი წლის თავზე იყოს ზუსტად იდეალური დრო იმისათვის, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ გავახსენოთ, რა მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი „ნაციონალურ მოძრაობას“.“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ეს იქნება ნიურბერგის პროცესის მსგავსი ერთგვარი მორალური სასამართლო, რომლითაც საზოგადოება კიდევ ერთხელ გაიხსენებს და შეაფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ჩადენილ დანაშაულებს.
„პატარა ნიურნბერგი ამ ადამიანებისთვის შეფასება-შეხსენების დონეზე: საზოგადოებას კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, მე მგონია, რომ ეს ყველაფერი სისტემატიზაციის დონეზე უნდა გავაკეთოთ და ამის დრო ალბათ დადგება. ვნახოთ, შევხედოთ როგორ განვითარდება პროცესები, მაგრამ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მათ შეიძლება გამოკრან საკუთარ საგამოძიებო კომისიას ხელი, რომელიც მოახდენს მათ მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულების სისტემატიზაციას.“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ "იმედზე", რომლის კომენტარს პრესსამსახური ავრცელებს.
0
0