
შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, რომელიც გეოპოლიტიკურ მოცემულობას ცვლის. 33 გვერდიან დოკუმენტში საუბარია ევროკავშირზე და მის დამოკიდებულებაზე ნატოსა და რუსეთის მიმართ. პირველად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ვაშინგტონი ამბობს, რომ ბრიუსელი მოსკოვთან სტრატეგიული სტაბილურობის პოლიტიკას უნდა დაუბრუნდეს. ევროკავშირმა კი უნდა შეცვალოს მისი ტრაექტორია.
ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ევროკავშირში დღეს პოლიტიკური კრიზისია. იზღუდება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და იხშობა თავისუფალი ხმა. უნდა დასრულდეს აღქმა თითქოს, ნატო მუდმივად გაფართოებადი ალიანსია. შეერთებული შტატები თვლის, რომ ევროპის კონტინენტზე დემოკრატიულ პროცესებს, პოლიტიკურ თავისუფლებას და სუვერენიტეტს ძირს უთხრის საკუთარი მთავრობების, ასევე ევროკავშირისა და სხვა ტრანსნაციონალური ორგანოების საქმიანობა. სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, რომ თუკი დღევანდელი ტენდენციები გაგრძელდება, კონტინენტი 20 წელში ან უფრო ადრეც, პირვანდელ სახეს დაკარგავს.
დღევანდელი მოცემულობით კი შესაძლოა, რამდენიმე წელში, ზოგიერთი ევროპული ქვეყანა ძლიერი ეკონომიკისა და სამხედრო ძალების გარეშე დარჩეს, რაც მათ ამერიკისთვის არასანდო პარტნიორად ხდის.
რაც შეეხება საქართველოს პოზიციას, ოფიციალურ თბილისს არ კვირებს ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, რადგანაც მათთვის ნათელია, რომ სრულ თანხვედრაშია მმართველი გუნდისა და ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა და მიდგომები რიგ საკითხებთან დაკავშირებით.
საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ დღეს კიდევ ერთხელ გაიშიფრა ის სქემა, რაზეც მმართველ გუნდში არაერთხელ უსაუბრიათ.
"შეერთებული შტატების განახლებული სტრატეგია, პრაქტიკულად ევროკავშირში არსებული ძალიან დიდი კრიზისის მხილებაა. კორუფციის ჭაობში მყოფი ევრო-ჩინოსნები, პრაქტიკულად საკუთარი ინტერესებისთვის მართავენ ევროკავშირს და არ ითვალისწინებენ ევროკავშირში შემავალი ქვეყნების სურვილებს. პირდაპირ წერია სტრატეგიაში თუ რა მძიმე რეალობაა იმ მიმართულებით, როდესაც პრაქტიკულად უმიზნოდ და შესაბამისი სტრატეგიის გარეშე ხდება NATO-ს გაფართოების სურვილის რეალიზება. არის საუბარი მშვიდობაზე, ქვეყნების გაძლიერებაზე და ეს სტრატეგია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ევროკავშირში არსებული სახელისუფლებო მოცემულობა ძალიან მძიმე კრიზისში იმყოფება და შეერთებული შტატები ამის პრაქტიკულ მხილებას ახდენს,"- აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.
0
0