06/04/2023
14:48
ეკონომიკა
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის თაობაზე თანამშრომლობის განხილვის მიზნით, თბილისში საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის სამთავრობო უწყებების პირველი, მაღალი რანგის შეხვედრა გაიმართა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული შეხვედრა საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შედგა. შეთანხმებაში მონაწილე ქვეყნები ხაზს უსვამენ ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის აუცილებლობას მწვანე ენერგო გაცვლისა და ენერგეტიკული სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით. შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი თემაა მონაწილე ქვეყნებს შორის თანამშრომლობა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელების ფაზაში.
შეხვედრა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გახსნა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, უნგრეთის ვაჭრობისა და საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო, აზერბაიჯანის განახლებადი ენერგიის სააგენტოს დირექტორი ჯავიდ აბდულაევი და რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ჯორჯ ნიკულესკუ. შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი გიორგი გიგინეიშვილი და სხვა მაღალი რანგის სტუმრები.
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და საქართველოს და რუმინეთის გადამცემი სისტემის ოპერატორების „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ და „ტრანსელექტრიკას“ ხელშეწყობით განხორციელდება. 2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1 195 კილომეტრის სიგრძის კაბელი რუმინეთს დაუკავშირდება (1100 კმ წყალქვეშა და 95 კმ. სახმელეთო კაბელი), რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ ვაჭრობა.
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი სტრატეგიული პროექტია და უდიდესი საინვესტიციო შესაძლებლობაა საქართველოსთვის და მისი მეზობელი ქვეყნებისთვის. ის ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ორმხრივი ვაჭრობის პოტენციალს ევროკავშირსა და სამხრეთს კავკასიის რეგიონს შორის, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს რეგიონების სტაბილურ და საიმედო ენერგეტიკულ მომავალს.
ამ ეტაპზე, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ საკონსულტაციო კომპანია CESI-ს დახმარებით ახორციელებს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას. სამომავლოდ, პროექტის ფარგლებში ასევე ჩატარდება გარემოზე და სოციალურ ზემოქმედების შეფასებისა და შავი ზღვის ფსკერის გეოფიზიკური და გეოტექნიკური კვლევები. მათი მეშვეობით დადგინდება პროექტის პრაქტიკული განხორციელების შესაძლებლობები და საუკეთესო გზები. კომიტეტი განიხილავს CESI-ს მიერ მომზადებულ პრეზენტაციას, რომელიც ასახავს მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის ფარგლებში.
საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შექმნილი მმართველი კომიტეტის შემდეგი შეხვედრა ბუქარესტში გაიმართება.
0
0