
"შავი მაგიისადმი საზოგადოებრივი ინტერესის ზრდის გათვალისწინებით, ოკულტური მეცნიერებისა და შავი მაგიის მიმართულებით შედგენილი ინოვაციური სამაგისტრო პროგრამა დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთი პირველი იქნება, რომელსაც 2024 წელს სტუდენტებს შევთავაზებთ.
შედეგად, შესაძლებელი გახდება, მაგისტრანტებს შევასწავლოთ ჯადოქრობისა და შავი მაგიის ისტორია და, მსოფლიო მასშტაბით, მისი გავლენა საზოგადოებასა და მეცნიერებაზე,“ - განაცხადა ექსეთერის უნივერსიტეტმა.
ექსეთერის უნივერსიტეტში ერთწლიანი პროგრამა 2024 წლის სექტემბერში დაიწყება.
ისტორიის, ლიტერატურის, ფილოსოფიის, არქეოლოგიის, სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის, დრამისა და რელიგიის სფეროში მოღვაწე აკადემიკოსები წარმოაჩენენ, თუ რა როლს ასრულებს შავი მაგია დასავლურ და აღმოსავლურ მოძღვრებაში.
უნივერსიტეტის თქმით, აღნიშნული ინოვაციური სამაგისტრო პროგრამა დიდ ბრიტანეთში წარმოადგენს ერთ-ერთ სამაგისტრო კურსს, რომელიც, თავის მხრივ, აერთიანებს შავი მაგიის ისტორიისა და სხვა საგნების ფართო სპექტრის შესწავლას.
”დეკოლონიზაცია, ეპისტემოლოგიის ალტერნატიული თეორების შესწავლა, ფემინიზმი და ანტირასიზმი ამ პროგრამის ბირთვს წარმოადგენს. ეს სამაგისტრო პროგრამა საშუალებას მისცემს ადამიანებს, ხელახლა განიხილონ მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, დასავლეთი რაციონალიზმისა და მეცნიერების, ხოლო დანარჩენი სამყარო - შავი მაგიისა და ცრურწმენის ადგილია“, - თქვა კურსის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ემილი სელოვმა.
სასწავლო კურსი არაბოლოგიისა და ისლამოლოგიის ინსტიტუტში ჩატარდება.
უნივერსიტეტის განცხადებით, სასწავლო კურსი სტუდენტებს მოამზადებს კარიერისთვის, რომელიც მოიცავს სწავლების, კონსულტაციის, მენტორობის, კულტურულ მემკვიდრეობასთან, მუზეუმებთან და ბიბლიოთეკებთან დაკავშირებული სამუშაოების, ტურიზმის, სახელოვნებო ორგანიზაციებში ან საგამომცემლო ინდუსტრიაში მუშაობის სხვა სფეროებს.
სტუდენტებს შეუძლიათ აირჩიონ საგნები, რომლებიც ეხება დასავლურ ლიტერატურასა და ხელოვნებას, მეფე არტურის ლეგენდას, პალეოგრაფიას, ისლამურ მოძღვრებას, არქეოლოგიურ თეორიასა და პრაქტიკას და შუა საუკუნეებში გავრცელებულ აზროვნებას ქალთა შესახებ.
0
0