შარშან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ იმდენად სწრაფად იწარმოა კამპანია და სწრაფად მოხდა მისი დაბრენდვა ე.წ. რუსულ კანონად, რომ რთული იყო, მოკლე პერიოდში მოსახლეობისთვის გვესაუბრა შინაარსზე, აგვეხსნა დეტალები, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.
ბოჭორიშვილის თქმით, საზოგადოება არ იყო იმდენად მომზადებული, ობიექტურად მიეღო ის ინფორმაცია, რაც კანონპროექტში იყო.
„საზოგადოებაში ბევრად უფრო სხვაგვარი დამოკიდებულებაა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. შარშან როდესაც მოხდა კანონპროექტის ინიცირება, უნდა ვაღიაროთ, რომ საზოგადოება არ იყო იმდენად მომზადებული, ობიექტურად მიეღო ის ინფორმაცია, რა ინფორმაციაც კანონპროექტში იყო. იმდენად სწრაფად იწარმოა კამპანია კანონპროექტის წინააღმდეგ, იმდენად სწრაფად მოხდა მისი დაბრენდვა ე.წ. რუსულ კანონად, რომ ძალიან რთული იყო, მოკლე პერიოდში მოსახლეობისთვის მიგვეწვდინა ხმა და აგვეხსნა დეტალები, გვესაუბრა შინაარსზე. ჩვენ ამის შესაძლებლობა არც მოგვცემია.
სამწუხაროა, რომ პარლამენტში, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს რაღაც საკითხი განსახილველად, თუკი ვინმეს აინტერესებს, ხომ შეიძლება, განიხილონ და კითხვები დაისვას, იყოს ჯანსაღი მსჯელობა საკითხთან დაკავშირებით. არავინ ამბობს, რომ ყველა უნდა ვიყოთ ერთ აზრზე, ყველას ყველაფერი უნდა მოგვწონდეს, ყველა ერთნაირად უნდა ვფიქრობდეთ, მაგრამ ყველას უნდა შეგვეძლოს ჩვენი აზრის გამოხატვა“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ კანონპროექტის განხილვა შარშან არ მოხდა და რეალურად ვერც მოხერხდა საპარლამენტო ფორმატებში. ბოჭორიშვილის განცხადებით, ამის მიუხედავად, ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა, თუნდაც შემდგომ პერიოდში, რამდენად ნამდვილი იყო ის კამპანია, რაც ნაწარმოები იყო კანონპროექტის გარშემო.
"რატომ შეიძლება, მალავდე. თუკი ამბობ, რომ შენ ხარ ის ორგანიზაცია, რომელიც ცდილობს, შენს საზოგადოებაზე პოზიტიური გავლენა იქონიო, პოზიტიური წვლილი შეიტანო ქვეყნის განვითარებაში, ანუ ამიტომ ხარ შექმნილი, გაქვს ამბიცია, იყო ჩართული პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში პოზიტიური წვლილის შესატანად შენი საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის. თუკი ეს არის შენი საქმიანობის მიზანი, მაშინ რა არის ამაში დასამალი. მართლაც გაუგებარია ამხელა ამბავი, თუკი რაღაცას არ აფუჭებ, რატომ უნდა მალავდე. როგორ შეიძლება, რაღაცას აკეთებდე და არ გინდოდეს, ამაზე ხმამაღლა საუბარი. მართლაც ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება. რატომ არ უნდა იცოდეს ჩვენმა საზოგადოებამ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
0
0