
რაც შეეხება ფინანსურ გამჭვირვალობას, შარშან, როდესაც კანონი დაინიცირდა და ჩვენ მას მხარი დავუჭირეთ, ამ კანონს, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკულის ზუსტი თარგმანი იყო, დაარქვეს „რუსული კანონი“. ახლა კითხვები დაისვა და კითხვების დასმას დაარქვეს „ანტიამერიკული კამპანია“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამერიკის ნებისმიერ მოქალაქესაც, ეს ამბავი რომ გაიგოს, დააინტერესებს, რატომ არის რაღაც დიდი სეგმენტი გაუმჭვირვალე, მისი, როგორც გადამხდელის ფული სად მიდის და რაში იხარჯება.
„ნახეთ, ისტორია როგორ მეორდება: ამერიკული კანონი დაინიცირდა და დაარქვეს რუსული, კითხვები დაისვა დაფინანსების შესახებ და ამას დაარქვეს ანტიამერიკული კამპანია. გუშინ პარლამენტში ერთ-ერთი ჩვენი ოპონენტი გამოდიოდა და თქვა, უმრავლესობის ლიდერი ანტიამერიკულ კამპანიას აწარმოებსო. რას დაარქვეს ეს - კითხვები დავსვით. როდესაც ჩვენი ამერიკელი პარტნიორები მართლაც ძალიან ბევრ საქმეში გვეხმარებიან, პოლიციის, სასაზღვრო სამსახურის, მედიცინის სფეროში, ტრენინგებს ატარებენ, აღჭურვილობას შეიძენენ ხოლმე, სოფლის მეურნეობის, დემოკრატიის განვითარების მიმართულებით - ამაზე მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის და ეს აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ არის გაუმჭვირვალე ფინანსების ძალიან დიდი სივრცე. დარწმუნებული ვარ, ამერიკის ნებისმიერ მოქალაქესაც, ეს ამბავი რომ გაიგოს, დააინტერესებს, რატომ არის რაღაც დიდი სეგმენტი გაუმჭვირვალე, მისი როგორც გადამხდელის ფული სად მიდის და რაში იხარჯება. იმას კი არ ვამბობთ, რომ ცუდ ან კარგ რამეში იხარჯება - უბრალოდ კითხვას ვსვამთ. უნდა ვიცოდეთ თუ არა, რაში იხარჯება ამერიკელი და ევროპელი პარტნიორი ქვეყნების გადახმდელის ფული? როგორც კი ეს კითხვა დაისვა, ეს ყოფილა თურმე ანტიდასავლური, ანტიამერიკული, რუსული კამპანია. შესაბამისად, ეს კითხვა კიდევ უფრო აქტუალური უნდა გახდეს. პარადოქსი ისიცაა, რომ ჩვენი ოპონენტები ამ თემას თავადაც ააქტუალურებენ და ამბობენ, რომ ყველაფერი კარგ საქმეში იხარჯება. შესაბამისად, რაღაცის „გაპრავების“ მცდელობა მიდის, ამიტომ კითხვებზე პასუხები უნდა მივიღოთ“, - აღნიშნა მდინარაძემ.
0
0