07/07/2022
12:21
პოლიტიკა
„გირჩის“ წევრის, სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით, ევროკავშირის 12 პუნქტთან დაკავშირებით დღეს პარლამენტში შალვა პაპუაშვილთან შეხვედრაზე მისვლას აპირებს.
მისივე თქმით, ამ შეხვედრაზე უარის თქმა ალოგიკურია.
„ბუნებრივია, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრაზე მივალთ. ეს პუნქტები პარლამენტში უნდა გადაწყდეს. როდესაც მმართველი გუნდი გეუბნება, რომ დავსხდეთ, დავილაპარაკოთო, ამაზე უარის თქმა ალოგიკური იქნება. ჩვენ ვერ ვიპოვეთ არგუმენტი, რატომ უნდა ვუთხრათ უარი ადამიანს, რომელიც ლაპარაკს გვთავაზობს. მივალთ შეხვედრაზე, ვისაუბრებთ და რა გამოვა, ეს მეორე საკითხია. რამდენად შესაძლებელია პოლარიზაციის დაწევა ასეთი შეხვედრებით, არ ვიცი, სკეპტიკურად ვარ განწყობილი და სხვანაირი გზა მიმაჩნია სწორი, მაფრამ ჩემს ამ პოზიციასაც იქ დავაფიქსირებ. ამიტომ არ იქნება პრობლემური, შევხვდეთ, დავილაპარაკოთ და თუ მართლა დისკუსია დაიწყება, დარწმუნებული ვარ, რაღაც უკეთეს გზას ვიპოვით“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.
ცნობისთვის, ევროკავშირის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში დღეიდან კონსულტაციები იწყება. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს. შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს მიმართულებას, რომელიც ეხება ქვეყანაში დეპოლარიზაციის აღმოფხვრას. პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას დღეს აპირებს ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის იქნებიან „მოქალაქეები“, გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლები და „გირჩი“. რაც შეეხება ოპოზიციის დანარჩენ წარმომადგენლებს, ისინი ამ დრომდე კონსულტაციებს მართავენ და დღის განმავლობაში აპირებენ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას.
0
0