
საქართველოს ხელისუფლებამ არა მხოლოდ საქართველო გადაარჩინა ეკონომიკურ ნგრევას იმით, რომ არ ავყევით ბრიუსელის მოწოდებებს, „რჩევებს“, არამედ ევროკავშირიც. აქ რეგიონი თუ აირეოდა, უარესი ეკონომიკური ნგრევა ექნებოდათ ევროკავშირში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
ამასთან, პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან „შუა დერეფნის“ პროექტსა და ამ კუთხით საქართველოს მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„რა თქმა უნდა, ეს ბუნებრივი პროცესია და რაიმე სიახლე არ არის. საუკუნეებია ასეა – აბრეშუმის გზამ საქართველოში ტყუილად კი არ გაიარა. მაშინაც და ახლაც ეს იყო ყველაზე მოკლე, უსაფრთხო დამაკავშირებელი გზა ევროპასა და აზიას შორის. ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი გეოგრაფიაში ვერ ერკვევა. ერთ-ერთ სიუჟეტში ვნახეთ, რომ მათ შორის ევროპის საქმეთა მინისტრმა ირანი რუკაზე ვერ მოძებნა. ასევე ვერ მოძებნიან ხოლმე, სად არის საქართველო და ზოგიერთ ევროპელ ბიუროკრატს ჰგონია, რომ შეიძლება, საქართველოს თავზე გადაახტე და ევროპა აზიასთან ისე დააკავშირო, მაგრამ გეოგრაფიასთან ჭიდილი ჯერ არავის მოუგია. ბიუროკრატები, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველოს გვერდის ავლით და ვერდანახვით რაიმეს შეძლებენ, გეოგრაფიასთან კიდევ ერთხელ დამარცხდებიან.
რაც შეეხება საქართველოს როლს, ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა და რუსეთთან ეკონომიკურ ომში შევსულიყავით, რისკენაც გვიბიძგებდნენ, რა გაზს მიიღებდნენ, რის ტრანსპორტირებას შეძლებდნენ დღეს ევროკავშირში. ამაზე უნდა დაფიქრდნენ. ბრიუსელის ბიუროკრატიის მთელი პრობლემა ისაა, რომ ისინი არავისგან არჩეული ხალხია, ვინც ევროკავშირის მოქალაქეების ინტერესებითაც კი არ მოქმედებს. ისინი არა მხოლოდ ჩვენ გვაზიანებდნენ, ეკონომიკური ნგრევისკენ გვიბიძგებდნენ, არამედ ევროკავშირსაც. ჩვენ რომ მათ ავყოლოდით და რუსეთთან ეკონომიკურ ომში შევსულიყავით, საქართველოს ეკონომიკურ ნგრევასთან ერთად, მოწყდებოდნენ საკუთარ რესურსებს ტრანსპორტირების თუ ეკონომიკურ რესურსების თვალსაზრისით. ეს ხალხი საკუთარი ცხვირის იქით არ იყურება. ერთადერთი, რასაც ხედავენ, საკუთარი სამუშაო ოთახის მაგიდაა, სადაც ფურცელს დაუდებენ და იმის მიხედვით უნდა იმოქმედონ. იმის იქით რა ხდება, ევროკავშირში, ეკონომიკური სტაგნაციის პირობებში, ესეც არის ევროპული ბიუროკრატების წინდაუხედავი ქცევის ბრალი. უარესი იქნებოდა, ჩვენ რომ მათთვის დაგვეჯერებინა. ასე რომ, საქართველოს ხელისუფლებამ არა მხოლოდ საქართველო გადაარჩინა ეკონომიკურ ნგრევას იმით, რომ არ ავყევით ბრიუსელის მოწოდებებს, „რჩევებს“, არამედ ევროკავშირიც. აქ რეგიონი თუ აირეოდა, უარესი ეკონომიკური ნგრევა ექნებოდათ ევროკავშირში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
0
0