
ზელენსკი და სანდუ, ადამიანები, რომლებმაც პარტიები გააუქმეს თავიანთ ქვეყანაში, ჩვენ გვეუბნებიან, საკონსტიტუციო სასამართლოდან გამოვიტანოთ სარჩელი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ესეც აჩვენებს, რამდენად ფარისევლურია მთლიანად პროცესი, რომელიც კოორდინირებული იყო.
შალვა პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ დოკუმენტსა და ამ დოკუმენტში მოცემულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით.
„ერთი რეკომენდაციაა, რომ საქართველოს პარლამენტის იმ წევრებმა, რომლებმაც მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე პარტიასთან დაკავშირებით, მათ არაკონსტიტუციურად ცნობაზე, ეს სარჩელი გამოვიტანოთ. თუ შევხედავთ ქვეყნებს, ვინ დაუჭირა მხარი ამ რეკომენდაციას – უკრაინამ, რომელსაც 22 პარტია აქვს გაუქმებული ბოლო სამ წელიწადში, მოლდოვამ, რომელსაც სამი პარტია აქვს გაუქმებული და თან ისე, რომ არჩევნებამდე ორი დღით ადრე გააუქმა. ახლა მითხარით, რამე სერიოზულად მივიღოთ, როცა უკრაინის ხელისუფლება, ზელენსკი და სანდუ, ადამიანები, რომლებმაც პარტიები გააუქმეს თავიანთ ქვეყანაში, ჩვენ გვეუბნებიან, საკონსტიტუციო სასამართლოდან გამოვიტანოთ სარჩელი.
თანაც შეგახსენებთ, უკრაინაში ეს გააკეთა მთავრობამ და შემდეგ იყო სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო მოლდოვაში არჩევნებამდე ორი დღით ადრე, საარჩევნო კომისიას ჩაახსნევინეს პირდაპირ მათთვის არასასურველი ორი პარტია. ასე რომ, ზელენსკი და სანდუ როცა ჩვენ გვასწავლიან ჭკუას პარტიებთან დაკავშირებით, მგონი, მათ დირეზე უნდა მივუთითოთ. ესეც ხომ აჩვენებს, რამხელა ფარისევლურია მთლიანად ეს პროცესი, რომელიც ჩანს, რომ კოორდინირებული იყო.
აღმოჩნდა, რომ ადამიანი, რომელსაც პროფესიული სახით არანაირი შეხება საქართველოსთან არ ჰქონია, რომ ცოდნა ჰქონდეს საქართველოზე, ორი დღე იყო აქ და შემდეგ ორ დღეში ასგვერდიანი დოკუმენტი დაწერაო, ასე გვეუბნებიან. ნაკლებად დამაჯერებელია, რომ დაწყებული გამოხატვის თავისუფლებიდან, დასრულებული უმაღლესი განათლების რეფორმით, ეს ერთი ადამიანი იმდენად კომპეტენტური იყო, რომ 100-გვერდიანი დოკუმენტი დაეწერა რამდენიმე დღეში. შემდეგ მოგვაწოდეს ეს პროექტი, რის საპასუხოდაც 100-გვერდიანი პასუხი გაეცა ამ პროექტს, შენიშვნები და კომენტარები, წინა სამშაბათს და ხუთშაბათს გამოვიდა პირდაპირ სხდომაზე შეუცვლელი დოკუმენტი. მეს აჩვენებს, რომ მას წაკითხულიც კი არ ჰქონდა კომენტარები ამასთან დაკავშირებით.
ერთი მხრივ, ჩნდება ეჭვი, რომ ეს არის დოკუმენტი, რომელიც კომპილაციაა იმ სურვილებისა და განზრახვებისა, რომლებიც ინიციატორ ქვეყნებს ჰქონდათ საქართველოსთან დაკავშირებით და გამოიყენეს ეს ექსპერტი, რათა რაღაცა ფორმა მიეცათ. მეორე, აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი არის პირდაპირ დაკავშირებული პოლონეთის ხელისუფლებასთან, არის პოლონეთის ხელისუფლების ნდობით აღჭურვილი პირი, ფინანსდება პოლონეთის ხელისუფლების მხრიდან, დაყენებული იყო კანდიდატურად გაერო-ში პოლონეთის ხელისუფლების მხრიდან, არის პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული კვლევითი ცენტრის საბჭოს წევრი. სტიპენდიებს იღებდა, რაც პირდაპირ აჩვენებს, რომ ეს არის პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ანუ ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის განმარტებით, ყველამ იცის, რა პოლიტიკა აქვს პოლონეთის მთავრობას ქართველ ხალხთან დაკავშირებით.
„სიკორსკის, საგარეო საქმეთა მინისტრის, ვინც კოორდინირებს ამ ადამიანის საქმიანობას, განცხადებაც გვახსოვს, სულ რამდენიმე თვის წინანდელი, როცა ამბობდა, რომ სააკაშვილი არის დემოკრატიის მამოძრავებელი ძალა. შეგახსენებთ, იმავე პოლონეთის მთავრობამ გამოაგზავნა ასევე ექიმი-ექსპერტები, რომლებიც ცდილობდნენ, ფარულად გაეტანათ რაღაც ანალიზები, თუ ა.შ. მიხეილ სააკაშვილის. კონტექსტი არის ასეთი, რომ ეუთო-ს წევრი ქვეყნების უმცირესობამ, 57-დან 23-მმა ქვეყანამ, რომელშიც არიან ზუსტად ის ქვეყნები, რომლებიც გამოირჩევიან საქართველოს წინააღმდეგ ბოლო პერიოდში მტრული პოლიტიკით, ეს არის სკანდინავიის ქვეყნები, ბალტიის ქვეყნები და სხვა, რომლებსაც გაცხადებული აქვთ მტრული პოლიტიკა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, მათ მოისურვეს, დააინიცირეს ეს პროცესი.
პოლონეთი იყო მთავარი ინიციატორი და კოორდინატორი, რომელმაც განზრახ არ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა, რათა მისი ექსპერტი ყოფილიყო მომხსენებლად და ესეც ჩანს, რომ იყო კოორდინირებული და თავიდანვე განსაზღვრული, ვინ იქნებოდა წამყვანი, ვის ექნებოდა წამყვანი ფუნქცია ამ შემთხვევაში და ვინ აიღებდა თავის თავზე, რომელი ექსპერტი, თუ ადამიანი, რომ ცილისწამებისთვის ხელი მოეწერა.
და მესამე, შიგნით ანგარიშში რაც წერია, მაგალითად, პარტიებთან დაკავშირებით, უკრაინა და მოლდოვა, რომლებიც თავად კრძალავენ პარტიებს, ჩვენ გვეუბნებიან, სასამართლოს არ მიმართოო, ესეც არასერიოზულია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0