
ევროკომისიამ საერთაშორისო სამართლის დამრღვევი გადაწყვეტილება მიიღო, რისთვისაც კანონი სპეციალურად შეცვალეს. როცა საუბრობენ, ამა თუ იმ ქვეყანაში კანონს რაღაც მიზნებს არგებენო, ზუსტად ასე მოარგეს საქართველოს წესები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დიპლომატიური პასპორტების შეჩერებასთან დაკავშირებით შვეიცარიის გადაწყვეტილებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოსთვის წესები სპეციალურად შეცვალეს.
„როგორც ჩანს, ასეთი მნიშვნელოვნი ვყოფილვართ, შესაძლოა, პრინციპში, ეს კარგიცაა. საკუთარ სურვილებს წესები სპეციალურად მოარგეს, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე პოლიტიკური ზეწოლა განეხორციელებინათ და ეს აბსურდული გადაწყვეტილება მიიღეს. 2010 წელს მიხეილ სააკაშვილის მწვალებელ რეჟიმს და მის პოლიტიკურ ელიტას დიპლომატიურ პასპორტებზე უვიზო მიმოსვლა მისცეს. მოქალაქეები კი, მაშინ, შვიდი წელი ბრიუსელმა გვალოდინა. სააკაშვილი და მისი მწამებლები კი, ევროკავშირში უვიზოდ დადიოდნენ. აქაც ჩანს, რომ აქ მორალური მოტივაციებჯ არ არის. ეს ყველაფერი მათი ნებაა, არანაირი პრობლემა არ გვაქვს, ვიზიტები ხორციელდება და მიმდინარეობს, მეც მექნება ევროკავშირის ქვეყანაში. სადაც და როცა მივდივარ, რა თქმა უნდა, ვიზას ვიღებ. მთავარი აბსურდი რაშია? სამსახურებრივ პასპორტს იყენებ მაშინ, როცა სამსახურებრივი მიზნებით მიდიხარ. კერძო მიზნებით სამსახურეობრივი პასპორტის გამოყენება ისედაც აკრძალულია. სხვა ქვეყანაში როდესაც ოფიციალური პირები მიდიან, იქ მიწვევით მიდიან, ჩვენი ინიციატივით ხომ არ ჩავდივართ და ვიღაცას თავზე არ ვადგებით ხოლმე და ისე ხომ არ ვახორციელებთ სამსახურეობრივ ვიზიტებს? იქ ვართ მიწვევით. რა თქმა უნდა, სადაც მიწვევით ვართ, იგულისხმება, რომ ვიზებსაც გვაძლევენ და უპრობლემოდ ჩავდივართ. 2022 წლის თებერვალში, პარლამენტის თავმჯდომარის რანგში, ჩემი პირველი ვიზიტი დიდ ბრიტანეთში იყო, სადაც ყველას ვიზა გვჭირდება. არათუ ვიზა არ მომცეს, არამედ მივედი, რიგშიც ვიდექი, შევედი და ვიზა ავიღე. არ მგონია, ამით ვინმეს რაიმე ან ემატებოდეს, ან რაიმე აკლდებოდეს. ასე ვიყავი დიდ ბრიტანეთშიც, ირლანდიაშიც. ეს პრობლემა არ არის. ევროკავშირი რომ ფიქრობს, ვიზის საკითხი დასჯის ინსტრუმენტია, ეს არის ბრიუსელის ამორალურობა. ამ დონეზე რომ ფიქრობენ, გადაადგილების თავისუფლების საკითხი ვიღაცის დასჯა-არდასჯის ინსტრუმენტია. ვიზა იარაღად და გამიჯვნის საშუალებად რომ აქციეს, ეს აჩვენებს ცივილიზაციურ კრიზისს, რომელსაც ევროკავშირი მისი ბიუროკრატების ხელში განიცდის“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
0
0