
ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის პოლიტიკური და იდეოლოგიური ჩარჩოების დაწესების მცდელობა ვიწრო, უშედეგო და ზედაპირული პოლიტიკის კარგი მაგალითია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკისადმი ღია წერილში წერს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ნამდვილი ერთიანი ევროპა არის ის, რომელიც არა მხოლოდ მომავალ ომებს აღკვეთს, არამედ მიმდინარე კონფლიქტებსაც დაასრულებს.
„ევროპის ერთიანობა ვერ იქნა მიღწეული და ჩვენ მივიღეთ ომი“ – ევროკავშირის დღევანდელი ხელმძღვანელობის მოქმედებები აჩვენებს, რომ ის ვერ იაზრებს შუმანის დეკლარაციის ამ ფუძემდებლურ დასკვნას. ევროკავშირის მიმდინარე პოლიტიკა არ ტოვებს სხვაგვარი ახსნის სივრცეს, გარდა იმისა, რომ ის მიმართულია დაპირისპირების გაღრმავებისა და უთანხმოებების ზრდისკენ. ევროპარლამენტის უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებული რეზოლუციები, პოლიტიკური და ეკონომიკური შურისძიების არაერთი მუქარა, საქართველოს შიდა საქმეებში მუდმივი ჩარევა, ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია იმ მიზანმიმართული მცდელობებისა, რომლებიც მიზნად ისახავს დაპირისპირების წაქეზებას როგორც საქართველოს შიგნით, ისე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში. ნამდვილი ერთიანი ევროპა არის ის, რომელიც არა მხოლოდ მომავალ ომებს აღკვეთს, არამედ მიმდინარე კონფლიქტებსაც დაასრულებს. თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოს მიმართ ბრიუსელის პოლიტიკაში ქართველ ხალხსა და ევროკავშირს შორის ერთიანობის მიღწევის განზრახვა არსად იკვეთება.
„ევროპა ერთ მომენტში ან ერთი გეგმით ვერ შეიქმნება“ – განაცხადა რობერ შუმანმა თავის ცნობილ დეკლარაციაში. სამწუხაროდ, დღესდღეობით ვხედავთ, რომ შუმანის ეს ბრძნული სიტყვები უგულებელყოფილია, ხოლო ევროკავშირის პოლიტიკა ვიწრო პოლიტიკური ინტერესებითა და ცრუ და ხელოვნურად შექმნილი იდეოლოგიების საფუძველზე ხორციელდება, რომლებიც უგულებელყოფენ ევროპის მოსახლეობის კულტურულ სიმდიდრეს, იდეოლოგიურ მრავალფეროვნებასა და პოლიტიკურ პლურალიზმს. ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის პოლიტიკური და იდეოლოგიური ჩარჩოების დაწესების მცდელობა ვიწრო, უშედეგო და ზედაპირული პოლიტიკის კარგი მაგალითია“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.
0
0