
საბოლოო ჯამში, ყველა ომი მთავრდება მშვიდობით, საქმე ის არის, ვინ ზიანდება ამ ომისგან. ჯერ შეუძლებელია თქმა, ვინმე თუ იქნება ამ ომის გამარჯვებული, თუმცა უკვე დანამდვილებით შეიძლება, თქვა, რომ ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული, ეს არის უკრაინა და ევროკავშირი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, 2008 წლის ომის შემდეგ ერთი წელიც არ იყო გასული, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გადატვირთვის ღილაკს დააჭირეს ხელი.
„ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ არაფერი ახალი არ ხდება. ასე იყო 2008 წლის ომის შემდეგ. ერთი წელიც არ იყო გასული, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გადატვირთვის ღილაკს დააჭირეს ხელი, ასე რომ, ასე იქნება. ყველა ომი მთავრდება, საბოლოო ჯამში, მშვიდობით. საქმე ის არის, ვინ ზიანდება ამ ომისგან. ერთი რამე შეგვიძლია, დღევანდელი გადმოსახედიდან, მათ შორის წუხანდელ გადაწყვეტილებებს თუ გავითვალისწინებთ ევროკავშირისა ვთქვათ, ჯერ შეუძლებელია თქვა, ვინმე თუ იქნება ამ ომის გამარჯვებული, თუმცა უკვე დანამდვილებით შეიძლება, თქვა, ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული. ეს არის უკრაინა და ევროკავშირი. უკრაინა, რომელსაც უწევს ახლა გადაწყვეტილების მიღება საკუთარი ტერიტორიების დაკარგვის დე ფაქტო აღიარებაზე, რომელმაც ასობით ათასი საკუთარი მოქალაქე დაკარგა ამ ოთხი წლის განმავლობაში, დაღვარა სისხლი, დაენგრა ეკონომიკა და უწევს ტერიტორიების დათმობის დე ფაქტო აღიარებაზე ფიქრი. მეორე, ევროკავშირი, რომელსაც ახლა საკუთარ მხრებზე ააწევინეს, აჰკიდეს ტვირთი უკრაინის ფინანსური დახმარებისა, უკრაინის სამხედრო დახმარების ფინანსური უზრუნველყოფისა. ამ ყველაფრისთვის წუხანდელი გადაწყვეტილებით ევროკავშირი იღებს სესხს და ამ სესხით აძლევს კიდევ სესხს უკრაინას და ამ სასესხო ვალდებულებებში არის, ევროკავშირის ეკონომიკური ზრდა ნულის გარშემო ტრიალებს და შიდა პოლიტიკურად როგორი დაძაბულობა აქვთ, ანასაც ვხედავთ. ასე რომ, ჩანს, იკვეთება უკვე, რომ ჯერ რთულია თქმა, ეყოლება თუ არა ამ ომს საერთოდ გამარჯვებული, თუმცა დამარცხებულები გამოკვეთილი არიან უკრაინის და ევროკავშირის სახით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან დიალოგის განახლება სასარგებლო იქნება.
0
0
პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურა
19/12/2025