
თანამედროვე სამყაროში ექსტრემიზმი არის გამოწვევა ყველა ქვეყნისთვის. სამწუხაროდ, ექსტრემიზმი, შიდა ტერორიზმი ევროპასა და ამერიკაში ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა. ყველა სახელმწიფო ებრძვის ამას. ჩვენც უნდა ვიფიქროთ, როგორ შეიძლება ამის მოწესრიგება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „თქვენი პოლიტიკური პარტიის წევრების მხრიდან გუშინ გაჟღერდა, რომ შესაძლოა, სამართლებრივი წესით დასჯადი გახდეს კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების საჯარო მოწოდება. ეს საკანონმდებლო ინიციატივაა თუ იდეის დონეზე განიხილება? თქვენც საუბრობდით, მათ შორის გერმანიის მაგალითზე, რომ იგივე პროცესი ცოტა ხნის წინ იყო გერმანიაში. რა შეგიძლიათ, გვითხრათ ამასთან დაკავშირებით?“
„ჩვენი საკანონმდებლო რეგულაცვიები არის რეაქცია იმის მიმართ, რასაც ვაკვირდებით, რომ ხდება ექსტრემიზმის, ძალადობის გარედან მხარდაჭერა. ამიტომ, ვაწესრიგებთ ყველა იმ საკითხს, რასაც ვაკვირდებით, ხდება პრობლემური ჩვენი საზოგადოებისთვის, კონსტიტუციური წყობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის. იდეა, რომელიც გუშინ იქნა წამოყენებული, არის ის, რომ თავისი სახელი დაერქვას ექსტრემიზმს, ექსტრემისტულ მიდგომებს. ამ მხრივ მაგალითი გვაქვს გერმანიის შემთხვევაში, სადაც, ფაქტობრივად, იდენტური ვითარებაა. შეგახსენებთ, რასთან გვაქვს საქმე. ეგრეთ წოდებულ რაიხსბიურგერების მოძრაობას 20 000 მიმდევარი ჰყავდა. გერმანიის იუსტიციის მინისტრმა ერთ დღეში დახურა და, თუ არ ვცდები, ოთხი კაცი დაიჭირეს, მათ შორის ხელმძღვანელი.
რა ხდებოდა იქ, რა არის ბრალდებები ამ მოძრაობის მიმართ? – არ აღიარებენ კონსტიტუციურ ორგანოებს. საქართველოშიც არ აღიარებენ კონსტიტუციურ ორგანოებს, ქმნიან პარალელურ სტრუქტურებს. გერმანიაში ადამიანი ამბობდა, რომ იყო გერმანიის მეფე. ჩვენ გვყავს აქ ერთი ქალბატონი, რომელიც ამბობს, რომ არის საქართველოს პრეზიდენტი, პრეზიდენტის შტანდარტი უდგას ხოლმე. კარგია, რომ ბოლო პერიოდში ელჩები მას აღარ ხვდებიან, თუმცა გვახსოვს კადრები, როდესაც მასთან მიდიოდნენ ელჩები და პრეზიდენტის შტანდარტი ედგა თვითმარქვია პრეზიდენტს. ასე რომ, იქ არის მეფე, პრინციპში, ალბათ აქაც მეფობა სურს. გერმანიაში იყო ეკონომიკური, საფინანსო სისტემის წინააღმდეგ ამ ჯგუფების მოწოდება გადასახადების არგადახდისკენ და საქართველოსიც გვესმოდა მოწოდება, არ გადაიხადოთ გადასახადები. პარალელური სტრუქტურები – გერმანიაში იქმნებოდა რაღაც დარბაზები, აქაც ცდილობდნენ პარალელური პარლამენტის, დარბაზების შექმნას; ძალადობა და მუქარა გერმანიაში მოსამართლეების, პოლიციელების, საჯარო მოხელეების მიმართ. საქართველოშიც ხომ არ გვახსენდება მუქარა მოსამართლეების, პოლიციელების, საჯარო მოხელეების მიმართ?
თანამედროვე სამყაროში ექსტრემიზმი არის გამოწვევა ყველა ქვეყნისთვის. სამწუხაროდ, ექსტრემიზმი, შიდა ტერორიზმი ევროპაში, ამერიკაში არის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა. ყველა სახელმწიფო ებრძვის ამას. შესაბამისად, ჩვენც უნდა ვიფიქროთ, როგორ შეიძლება ამის მოწესრიგება, ექსტრემისტულ გამოვლინებების, რომელიც მიმართულია კონსტიტუციური წყობის, კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ.
გვაქვს სხვადასხვა რეგულაცია, მაგალითად, ხელისუფლების დამხობის მცდელობასთან, მოწოდებასთან, კონსტიტუციურ საბოტაჟთან დაკავშირებით. ეს არის სისტემა, რომელიც ეყრდნობა თავდაცვითი დემოკრატიის პრინციპს. სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას დემოკრატია, რომელიც ქვეყანაშია. ამიტომ თავდაცვითი დემოკრატიის პრინციპს ეფუძნება ეს მიდგომები. ვნახოთ, ამაზე ვმსჯელობთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
0
0