
საინტერესო იქნება გახარიას პარტიის წევრების პარლამენტში ყოფნა, რადგან პირდაპირ შეგვეძლება მოვისმინოთ უცხოეთიდან მითითებული მესიჯები, პირდაპირ დავინახავთ უცხოეთიდან რა დავალებები მოდის საქართველოს წინააღმდეგ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, თუ კი პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები პარლამენტში შევლენ, „ერთწლიანი ღალატის ციკლის ლოგიკური დასასრული“ იქნება.
„26 ოქტომბერი ახლოვდება და შევაჯამებთ ქვეყნის ღალატის ერთწლიან ისტორიას, რომელიც ჩაიდინა რამდენიმე რადიკალმა ჯგუფმა და „ენჯეოებმა“. ვფიქრობ, რომ ამ ერთწლიანი ღალატის ციკლის ლოგიკური დასასრულია, თუ კი ჩვენ გახარიას პარტიის წარმომადგენლებს საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართულებს ვიხილავთ. შარშან რაც ვნახეთ ის იყო, რომ 26 ოქტომბრამდე უცხოელები მონაწილეობდნენ საარჩევნო კამპანიებში, ელჩები, ბრიუსელი, სხვადასხვა დედაქალაქი, მინისტრები ჩამოდიოდნენ აქ და მიტინგებს გვიმართავდნენ. ჩაერთნენ არჩევნებში, წავიდნენ ვა-ბანკზე. ყველაფერზე თქვეს უარი - საერთაშორისო სამართალზე, გაეროს წესდებაზე, ვენის კონვენციაზე, ყველაფერს ხაზი გადაუსვეს. ქართველ ხალხს უთხრეს, რომ ყველაფერი ფარსია - სამართალი, კანონი, საერთაშორისო სამართალი. გადამწყვეტი მათთვის იყო გეოპოლიტიკური მიზანი, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მოეყვანათ მათი მარიონეტი, რადგან შემდეგ მათ მარიონეტებს უსიტყვოდ შეესრულებინა მათი დავალებები.
ამ არჩევნებში დამარცხდნენ. იმის გამო, რომ ამ მარცხის მიღება არ უნდოდათ, არჩევნებისთვის ძირის გამოთხრის პროცესი დაიწყეს. ზუსტად მათი უცხოეთიდან ნაკარნახევი გეგმა იყო, რომ პარტიებს, რომლებმაც საპარლამენტო მანდატი მიიღეს, ჩაახსნევინეს ეს მანდატები და საბოლოოდ, რაც მიიღეს, ამ პარტიებმა ნახეს. შეუმცირდათ მხარდამჭერები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. იგივე გამეორდა, რაც 2020-21 წლებში.
უცხოელების დავალებით ჩახსნეს მანდატები და მზადება დაიწყეს ხელისუფლების დამხობისკენ და რევოლუციისკენ. ჩაეფუშათ ეს რევოლუციაც და დარჩნენ ახლა ასე მიგდებულები გარეთ. გახარიას პარტიას რაც შეეხება, მათ მანდატები შეინარჩუნეს და შემოსულები არიან [პარლამენტში]. 12 წევრი პარლამენტის წევრად ითვლება, უბრალოდ აცდენენ საპარლამენტო სხდომებს. ამ გაცდენებს თუ შეწყვეტენ, მათი გადასაწყვეტია.
ყველაფერი ჩაიშალა - ბოიკოტი, დამხობა, რევოლუცია. ღალატის გზაზე როდესაც დადგება ადამიანი და უცხოელების ჭკუაზე ივლის საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ, საქართველოს ისტორიაში ასე დამთავრებულა ყოველთვის. ჩვენს თვალწინ მოხდა მოღალატეების პირდაპირ მხილება.
დღეს ვხედავთ, რომ ახლა უკვე მათ ნაცვლად, პირდაპირ უცხოელები გახდნენ ქართული პოლიტიკის მონაწილეები. ასე რომ ვნახოთ, მათი გადასწყვეტია როგორ მოიქცევიან. საქართველოს პარლამენტს ამით არც არაფერი მოაკლდება და არც არაფერი დააკლდება, მათ ყოფნით ან არ ყოფნით. თუმცა საინტერესო იქნება მათი აქ ყოფნა იმ მხრივ, რომ ჩვენ პირდაპირ შეგვეძლება მოვისმინოთ უცხოეთიდან მითითებული მესიჯები. ჩათვალეთ, რომ რასაც გაიგებთ ამ 12 ადამიანისგან, რასაც მოისმენთ, ეს არის დავალება, რაც გარედან მოდის. ასე, რომ ამ მხრივ საინტერესო იქნება. საპარლამენტო სასესიო დარბაზში პირდაპირ დავინახავთ უცხოეთიდან რა დავალებები მოდის საქართველოს წინააღმდეგ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0