
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ფასებთან დაკავშირებით მსჯელობის დაწყება მნიშვნელოვანია და უნდა გაირკვეს, რა არის სასურსათო პროდუქტებზე მაღალი ფასების მიზეზი – ესაა ბუნებრივი პროცესი, თუ არის გარკვეული კარტელური გარიგებები მოთამაშეებს შორის.
„უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, რომ პრემიერ-მინისტრმა ეს ინიციატივა წამოაყენა. ვგულისხმობ, ზოგადად ფასებთან დაკავშირებით მსჯელობას და გადაწყვეტის გზის ძიებას, რამაც უკვე მოიტანა შედეგი იმ მხრივ, რომ დისკუსია გაიხსნა. თავდაპირველად, ჩვენ ვნახეთ მცდელობები რადიკალების მხრიდან, რომ მაღალი ფასების მხარეს დამდგარიყვნენ, ნაცვლად იმისა, რომ ამჯერად მაინც ჩვენი საზოგადოების ინტერესები დაეყენებინათ წინა პლანზე. და ვნახეთ მსჯელობის გარკვეული ეტაპი, როდესაც, პრინციპში, ყველა თანხმდება, რომ რაც შეხება სასურსათო პროდუქტებს, ფასები არის შეუსაბამოდ მაღალი, თუ შევადარებთ მას იმ ქვეყნებს, საიდანაც ხდება იმპორტი. მეორე – მცდელობები, რომ მოეფიქრებინათ რაღაც სხვა ახსნები, დღგ და ასეთი საკითხები, რეგულაციები, ჩავარდა, თავად რადიკალების მხრიდანვე უარყოფილ იქნა, რომ, რა თქმა უნდა, ტყუილია. არანაირი კავშირი ამ მხრივ დღგ-ს მაღალ ფასებთან არ აქვს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის განმარტებით, წლებია, მოქმედი დღგ-ს განაკვეთი არ შეცვლილა.
„არანაირი ახსნა ამას არ ექნებოდა. შესაბამისად, ყველა ცრუ გამართლება, რომელიც სცადეს თავდაპირველად, ჩავარდა. ახლა მნიშვნელოვანია, ვიმსჯელოთ, რასთან გვაქვს საქმე. არის ეს რაიმე ბუნებრივი პროცესი, თუ არის გარკვეული კარტელური გარიგებები მოთამაშეებს შორის. კიდევ ერთხელ შემოვიდა თემა თავისუფალი ბაზრის შესახებ და ის, რომ ბაზარი ყველაფერს არეგულირებს. რა თქმა უნდა, ბაზარი ყველაფერს ვერ არეგულირებს და სწორედ ეს არის საბაზრო ეკონომიკის გარკვეული დეფექტები, რომელსაც სჭირდება ზოგჯერ რეგულაციებით მოწესრიგება, ზოგჯერ აღსრულების პროცესით რეგულაცია და ა.შ. იცით, რომ დაანონსებულია პარლამენტის მხრიდან სპეციალური კომისიის შექმნა, თებერვალშივე, როცა საგაზაფხულო სესია დაიწყება, ეს იქნება ღია პროცესი, სადაც პარლამენტი, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, ბაზარზე მოთამაშე სუბიექტებთან ერთად, საზოგადოების თვალწინ შეეცდება, გაარკვიოს, როგორ ხდება სასურსათო პროდუქტებზე ფასების წარმოქმნა. ვიცით, ფასები მისი წარმოშობის ადგილას რა არის, ვიცით ტრანსპორტის ხარჯები, საზღვარზე შემოსვლისას რა ფასით შემოდის და ვიცით, საბოლოო ჯამში, დახლზე რა ფასად იყიდება. სხვაობა არის არაადეკვატურად დიდი და გავერკვიოთ, ეს სხვაობა საიდან მოდის, რამდენად ობიექტურია ამ სხვაობის არსებობა. ობიექტური თუ არ არის და არის გარკვეული მცდელობა, რომ იყოს ჭარბი მოგება მოსახლეობის ხარჯზე, ესეც გავარკვიოთ, როგორ ხდება, არსებობს თუ არა ამის უკან რაიმე კარტელური შეთანხმებები და დარღვევები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0