
მგონი, ნელ-ნელა უნდა შევეშვათ პეტერ ფიშერის განცხადებების კომენტირებას, ვინაიდან ის არ ეშვება საქართველოს კომენტირებას და ახლა, საერთოდ ევროკავშირის ელჩის კომპეტენციაში ერევა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
გადაცემის წამყვანმა პაპუაშვილის კითხვა დაუსვა გერმანიის ელჩის განცხადებებთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, მიღებული კანონებით საქართველო ვერ შეძლებს ევროკავშირში გაწევრიანებას საქართველო და რომ დეკემბრის დასაწყისში ევროპული საბჭო მოიწონებს ევროკომისიის ანგარიშს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მიმართ გაფართოების ფაილი დახურულია.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით განმარტება საქართველოში ევროკავშირის წევრი არცერთი ქვეყნის ელჩს არ გაუკეთებია პეტერ ფიშერის გარდა.
„ჩვენ კომპეტენციაში ხომ ჩაერია – სასამართლო გადაგვიწყვიტა, ვის რა უნდა მივუსაჯოთ, ვის არა. კანონები გადაგვიწყვიტა ჩვენ ნაცვლად, ქართველი ხალხის ნაცვლად. მმართველობა, არჩევნები ყველაფერი გადაგვიწყვიტა და ყველაფერში ჩაერია. ახლა ერევა ევროკავშირის ელჩის კომპეტენციაში. ვერ გავიგე, ბატონი ჰერჩინსკი ვერ ართმევს თავის ფუნქციებს თავს, რომ განმარტოს, რა იყო გაფართოების ანგარიშში და რა არ იყო. ბრიფინგი ჩაატარა ადამიანმა, ჟურნალისტები დაპატიჟა, ყავა დაალევინა და მოკლედ მთელი ლაივშოუ იყო მოწყობილი გაფართოების ანგარიშზე. ვერ განმარტავს ევროკავშირის ელჩი? აბა, რისთვის ჰყავს ევროკავშირს ელჩი, რომ გერმანიის ელჩი განგვიმარტავს ევროკავშირის ფუნქციებს. 27 ქვეყანა არის, უმეტესობას საქართველოში საელჩო აქვს – ბულგარეთის ელჩი არ განმარტავს, საფრანგეთის ელჩი არ განმარტავს, ესტონეთის ელჩიც კი არ განმარტავს, არავინ არ განმარტავს და რატომ ფიქრობს ბატონი ფიშერი, რომ მას აქვს უფლებამოსილება, კომპეტენცია, ვალდებულება და საერთოდ, რატომ უნდა იყოს ინტერესში, რომ მისი განმარტება მოვისმინოთ, როდესაც ევროკავშირის ელჩი არსებობს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
0
0