
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გუშინდელ ბრიფინგზე საქართველოს პარტნიორ ქვეყნებს მოუწოდა, დაეგმოთ 4 ოქტომბერს თბილისში მომხდარი მოვლენები, რომლებიც დაანონსდა რადიკალური ოპოზიციის მიერ, როგორც რევოლუცია და პრეზიდენტის სასახლის შტურმის შედეგად შეფასდა კიდეც, როგორც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში არაერთხელ მხილებული დიპლომატიური მისიებისგან მიმდინარე დუმილი არც ახალია და არც მოულოდნელი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პაპუაშვილის თქმით, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა ოპოზიციის მიერ მისი არაღიარება, გაყალბებულად მონათვლა, ქუჩის პროტესტი და კონსტიტუციური პოლიტიკური ცხოვრების სრული ბოიკოტი.
როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ეს პროცესები ხსენებული დიპლომატიური მისიებისგან მხარდაჭერილ იქნა, ისევე როგორც მისი ისეთი რადიკალური გამოვლინებები, როგორიცაა „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა, შიმშილობა, ქუჩების დაკეტვა, სკოლებში შევარდნა, ბულინგისა და ძალადობის ღია კამპანიები და სხვა.
„ის ფაქტობრივი გარემოებები და ქმედებები, რომელიც ყველას დასანახად, ტრადიციული, თუ სოციალური მედიით ვრცელდებოდა, მედიური საჯარო ფიგურების მხრიდან მონათლული და სახელდებული იყო როგორც: მშვიდობიანი დემონსტრაციები, ქართველი ხალხის ნება, მშვიდობიანი უწყვეტი პროტესტი, მშვიდობის მარში, ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა და ასე შემდეგ.
მიმდინარე მოვლენების კომენტირება, მოლაპარაკე თავობა, ინტელექტუალური მხარდაჭერა და სხვა ექსპერტული საქმიანობა პოლიტიკური აქტორების მხარდასაჭერად, წარმოადგენს პროპაგანდისტული საქმიანობის მკაფიო ნიმუშს და ეს არის ფაქტი.
გასული 11 თვის განმავლობაში, თბილისში მიმდინარე სხვადასხვა მასშტაბის დემონსტრაციების ცალსახა და გაცხადებულ მიზანს წარმოადგენდა საქართველოში ხელისუფლების არადემოკრატიული გზით ცვლილება. ამ მიზნის მისაღწევად ოპოზიციურმა ძალებმა არაერთი რადიკალური აქტი, თუ პროცესი შემოგვთავაზეს. შესაბამისად, ის, რომ დღეს ქვეყანაში გვყავს რადიკალური ოპოზიცია, ესეც არის უბრალოდ ფაქტი.
თუკი რომელიმე საჯარო ფიგურა ქუჩაში მდგომ მარგინალურ ძალებს რადიკალებად და 4 ოქტომბრის მიტინგს ხელისუფლების დამხობის მცდელობად ვერ აღიქვამს და ამას სხვა, ნაკლებად გამაღიზიანებელი სახელდებით ნათლავს, ეს ვერ გააუქმებს ცხად ფაქტს, რომელიც მრავალი არგუმენტითაა გამყარებული.
სწორედ ამიტომ, იქნება ეს რომელიმე უნივერსიტეტის პროფესორი, რომელსაც აშკარად უჭირს, განასხვავოს სატელევიზიო მედიის სპეციფიკა სალექციო აუდიტორიის კედლებისგან, თუ ნებისმიერი სხვა სპიკერი, რომელიც ამართლებს რადიკალური ოპოზიციის დესტრუქციულ ქმედებებს – ნებისმიერი ასეთი პირი წარმოადგენს რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტს. ამის უარყოფა იგივე ხარისხის თვალში ნაცრის შეყრაა, როგორც იმის თქმა, რომ ოთხში ოთხ საათზე შეკრებილები, იქ ხელისუფლების დასამხობად არ იყვნენ მისულები“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
1
0