
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მონტენეგროში ვიზიტის ფარგლებში ექნება შესაძლებლობა, შეხვედრებზე რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბროს.
„დღეიდან დაიწყო საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი მონტენეგროში. ამ შემთხვევაში, როგორც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, მონაწილეობას მივიღებ ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავმჯდომარეების რიგით პირველ სამიტში. მექნება შესაძლებლობა, შევხვდე კოლეგა პარლამენტების თავმჯდომარეებს, გამოსვლის ფარგლებში ვისაუბრო რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე შავი ზღვის ქვეყნების გამოცდილებით. ამ მხრივ ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეასთან გვქონდეს ჩვენი გამოცდილების გაზიარება, რეგიონული თანამშრომლობის საკითხებზე საუბრის შესაძლებლობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ასევე შესაძლებლობა ექნება, სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტების თავმჯდომარეებთან ევროკავშირი-ნატო-ს საკითხებზეც ისაუბროს.
„ზოგადად, ვფიქრობ, რეგიონული თანამშრომლობის ფორმატები კიდევ უფრო სასარგებლოა, ვიდრე გლობალური გაერთიანებები, ვინაიდან რეგიონული სპეციფიკაციის გათვალისწინებით, უფრო მარტივია, კოლეგებს აუხსნა, რა გარემოებებში ვითარდება ქვეყანა. ამ შემთხვევაში, შეხვედრა მექნება მალტის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ასევე თავად მონტენეგროს, ჩრდილო მაკედონიის, ასამბლეის სხვა წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებთან. შესაძლებლობა გვექნება, ვისაუბროთ ევროკავშირი-ნატო-ს საკითხებზეც, ვინაიდან ეს ქვეყნები, ამ ქვეყნებიდან ზოგიერთი ასევე გახლავთ ამ ორგანიზაციების წევრები. საუბარი გვექნება კანდიდატ ქვეყნებთან, კანდიდატობასთან დაკავშირებით მათ გამოცდილებაზე, რა გამოწვევებს ხედავენ. ცოტა ხნის წინ სტამბოლში შეხვედრების დროსაც ბევრი საერთო ვნახეთ კანდიდატ ქვეყნებთან, რა გამოწვევები არის, როდესაც ხანგრძლივ გზაზე ბევრი მოთხოვნაა, ცოტა არის შესრულება დაპირებებისა. ვფიქრობ, კანდიდატ ქვეყნებთან საერთო საკითხებზე გასაუბრების შესაძლებლობა გვექნება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
0
0
8 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
06/05/2026