
დღევანდელი დღესავით, მომავალშიც, როდესაც ვიხილავთ ზოგიერთი უცხოური საელჩოს კოორდინირებულ, ცილისმწამებლურ ფლეშმობს „პოლიტიზებულ მართლმსაჯულებაზე“, გვახსოვდეს, ვინ გვაკრიტიკებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პაპუაშვილი ეხმაურება პოლონეთის ყოფილი გენერალური პროკურორისა და იუსტიციის მინისტრის, ბიგნევ ზიობროს მიერ უნგრეთში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას და განცხადებას, რომ „დონალდ ტუსკის და მისი გარემოცვის სამიზნე გახდა“.
ამავდროულად, შალვა პაპუაშვილის პოსტი ეხება პარიზის სააპელაციო სასამართლოში ხვალ მარინ ლე პენის საქმეზე მოსმენის დაწყებას, რა დროსაც სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, შეძლებს თუ არა ლე პენი 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.
პაპუაშვილი ამბობს, რომ დღემდე, არცერთ უცხოელ პოლიტიკოსს, თუ დიპლომატს არ მოუხდია ბოდიში იმ ქართველი მოსამართლეებისთვის, რომლებიც მიზანმიმართული პოლიტიკური თავდასხმის ობიექტად აქციეს.
„ცნობისთვის, სტრასბურგმა ყოველ ჯერზე ამხილა ქართული მართლმსაჯულების „პოლიტიზებულობის“ ყველა ბრალდება, როგორც უსაფუძვლო და ცილისმწამებლური. თუმცა, დღემდე, არცერთ უცხოელ პოლიტიკოსს, თუ დიპლომატს არ მოუხდია ბოდიში იმ ქართველი მოსამართლეებისთვის, რომლებიც მიზანმიმართული პოლიტიკური თავდასხმის ობიექტად აქციეს. არადა, ბოდიში მოსახდელი აქვთ“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
0
0