
ამ დღეებში რაც ვიხილეთ, აღმოვაჩინეთ, რომ მიუსაფარი ძაღლების პრობლემაზე უფრო დიდი პრობლემა ემოციურად დაზიანებული რადიკალური ოპოზიციაა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, რადიკალური ოპოზიციის სახით გვყავს ემოციურად დაზიანებული ადამიანების ჯგუფი, რომელსაც სხვა სახის დახმარება სჭირდება.
„გუშინდელმა კადრებმა აჩვენა, რომ ჩვენ უფრო დიდი გამოწვევა გვაქვს ემოციურად დაზიანებული ადამიანების მხრივ და არა მიუსაფარი ძაღლების თვალსაზრისით. აბსოლუტური ისტერია და არაადეკვატურობაა, რომელიც რადიკალებს ყველა საკითხთან დაკავშირებით სჩვევიათ. მგონი, ეს პრობლემა უფრო დიდად დაგვანახეს. რადიკალური ოპოზიციის სახით გვყავს ემოციურად დაზიანებული ადამიანების ჯგუფი, რომელსაც სხვა სახის დახმარება სჭირდება. მათ ჩვენ ვერც პოლიტიკურად, ვერც ვერანაირად დავეხმარებით, სხვანაირი დახმარება სჭირდებათ. კადრები, რაც გუშინ ვიხილეთ – ქცევა, შეჭრა, თავდასხმა – აბსოლუტურად აცდენილია ყოველგვარ ადეკვატურ ქცევას. მით უფრო, როცა ამ ყველაფერს მოწმენდილ ცაზე აკეთებენ.
ვნახეთ სამინისტროს და სააგენტოს დეტალური განმარტებები ყველა საკითხთან დაკავშირებით, სად, როგორ, რანაირად ხდება ძაღლების აყვანა, რაზე ხდება დამუშავება და შემდეგ დაბრუნება. საქმე იმდენად არაადეკვატურ ხალხთან გვაქვს, რომ ასეთი დეტალური ინფორმაციების გამოქვეყნებაც გახდა საჭირო. ეს არის კიდევ ერთი საპნის ბუშტი, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას ხელში გაუსკდა. ჩვენ ხელში შეგვრჩა ემოციურად დაზიანებული რადიკალური ოპოზიციის სახე, რომელსაც პოლიტიკურად ვერაფერს ვეღარ ვუშველით, მათ სხვა სახის დახმარება სჭირდებათ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
0
0