
კარგია, რომ USAID-ი, რომელიც საქართველოში არეულობის მთავარი დამფინანსებელი იყო, იკეტება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, USAID-ი იყო თაღლითური ორგანიზაცია, რომლის მთავარი მიზანსაც სხვა ქვეყნებში არეულობის შეტანა წარმოადგენდა.
„USAID-ი რომ პენსიაზე გავიდა, ეს უკვე ვიცით და ძალიან კარგი, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა აღნიშნა, ეს თაღლითური ორგანიზაცია იხურება. ძალიან კარგია, რომ ასეთ თაღლითურ ორგანიზაციას არ ექნება შესაძლებლობა, საქართველოში მავნე ოპერაციები განახორციელოს. წარსულიდან ჩვენ ვიცით, რომ USAID-ი იყო საქართველოში არეულობების მთავარი დამფინანსებელი და რესურსების მიმწოდებელი. ჩვენ ვიცით, რომ 2020 წლის პარალელური დათვლის გაყალბებაში მონაწილეობდა USAID-ი. ჩვენ ვიცით, რომ 2024 წლის პარალელური დათვლის შედეგების არ გამოქვეყნებაში მონაწილეობდა USAID-ი. ჩვენ ვიცით, რომ „კანვასის“ ტრენინგები, სადაც შიდა ტერორისტებს ამზადებდნენ, დაფინანსებული იყო USAID-ის მხრიდან. ეს იყო ერთი დიდი, თაღლითური ორგანიზაცია, რომლის მთავარი მიზანი იყო სხვა ქვეყნებში არეულობის შეტანა და საქართველო, მათ შორის დაფინანსების მხრივ, იყო გამორჩეული. სწორედ ამის შედეგი იყო საქართველოში სხვადასხვა დროს, სხვადასხვა არეულობა. ასე რომ, რა თქმა უნდა, ყველა ამგვარი ორგანიზაცია, რომლის მიზანიც არის სხვა ქვეყნებში არეულობის შეტანა და, როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა აღნიშნა, ქვეყნებისთვის ძირის გამოთხრა და საზოგადოებებში დაპირისპირების შეტანა, კარგია, რომ იხურება.
არ ვიცი, პენსია ღმერთმა ყველას შეარგოს, თუკი ეს პენსიის სახით არის. თუმცა, ესეც კარგია, რომ როგორც იქნა ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში წლების განმავლობაში არეულობის მთავარი დამფინანსებელი იყო, იკეტება. ვინც პენსიას იღებს, ვუსურვებ, თავიანთი პენსია მშვიდად მოიხმარონ მშვიდ საქართველოში, რომელიც მათ ვერ არიეს და „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო, სიმშვიდე შეენარჩუნებინა. აქ თუ ავყვებოდით იმას, რასაც USAID-ი აფინანსებდა და „კანვასის“ დატრენინგებული შიდა ტერორისტები 90-იან წლებს დაატრიალებდნენ, არც ის პენსია შეერგებოდათ და ღმერთმა უწყის, სად იქნებოდნენ“, – განაცხადა პაპუაშვილი.
0
0