
მიჩნეული თუ იქნა, რომ პარტია არღვევს კონსტიტუციას და აიკრძალა მასთან დაკავშირებულ პირებს არ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, გვერდი აუარონ ამ გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სარჩელი საპროცედურო კომიტეტის შემოწმების გავლისა შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში გადაიგზავნება და გადაწყვეტილება ცხრა თვის ვადაში იქნება მიღებული.
„ეს სარჩელი ახლა გადაეცემა უპირველეს ყოვლისა საპროცედურო კომიტეტს, რომელმაც უნდა შეამოწმოს ხელმოწერების ნამდვილობა, დაადასტუროს ხელმოწერების ნამდვილობა და ამის შემდეგ გადავაგზავნით საკონსტიტუციო სასამართლოში. დღეს არ მგონია. საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს ცხრა თვე სარჩელის განსახილველად და ცხრა თვის თავზე უნდა არსებობდეს გადაწყვეტილება. რაც შეეხება წარმომადგენლებს, სარჩელში ამ ეტაპზე წარმომადგენლები მითითებული არ არიან, ვინ წარმოადგენს ამ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში, ამას მოგვიანებით დავაზუსტებთ.
მოგახსენებთ, რომ ჩვენ ამ ეტაპზე ინდივიდებთან დაკავშირებით სასარჩელო მოთხოვნა არ გვაქვს. ინსტრუმენტი, რომელიც არსებობს მემკვიდრე პარტიის სახით, იძლევა უფრო ფართო შესაძლებლობას, რომ ის ადამიანები, რომლებიც იქნებიან დაკავშირებული აკრძალულ პარტიებთან, მათი არაკონსტიტუციური პოლიტიკური საქმიანობა აღვკვეთოთ. უფრო მოქნილი და ფართო ინსტრუმენტი არის, ვიდრე ეს იქნებოდა ინდივიდებისგან შემდგარ სია. ამიტომ, ჩვენ ვამჯობინეთ ამ გზით წასვლა.
თუკი მიჩნეული იქნა, რომ პარტია არღვევს კონსტიტუციას და აიკრძალა პარტია, მის წევრებს, მასთან დაკავშირებულ პირებს არ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა გვერდი აუარონ ამ გადაწყვეტილებას, იურიდიული ფორმალობით უბრალოდ ადგნენ და დღეს თუ არის „ნაციონალური მოძრაობა“, ხვალ შექმნან ეროვნული მოძრაობა იგივე ხალხი, იგივე მიზნებით შეიკრიბონ. ამიტომ, მემკვიდრე პარტიის ინსტიტუტი უზრუნველყოფს, დავაკვირდეთ ამ აკრძალულ პარტიასთან დაკავშირებული პირები ხომ არ ცდილობენ, რომ მოძებნონ სხვა საშუალებები პოლიტიკური საქმიანობისა. თუკი ამას დავინახავთ, ჩვენ მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს. ამ შემთხვევაში, ორკვირიანი ვადა არსებობს, რომ იმსჯელონ. თუ დადგინდება, რომ პოლიტიკოსები ცდილობენ, თავი დაიძვრინონ და ახალი იურიდიული ფორმა შექმნან, მაშინ ის, როგორც მემკვიდრე პარტია აიკრძალება. ამიტომ, ეს უფრო ფართო შესაძლებლობას გვაძლევს ჩვენ, ვიდრე ინდივიდების შეზღუდვა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, შეეხება თუ არა სარჩელი პოლიტიკურ პარტიებს „გირჩი-მეტი თავისუფლება“ და „დროა“, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ სარჩელი შეეხება მხოლოდ პარტია „ახალს“, რადგან მისი ქოლგის ქვეშ შევიდნენ ცალკეული პოლიტიკოსები.
„პოლიტიკურ გაერთიანებას დღეს სახელად ჰქვია „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“. თუმცა, იცით, ცალკე არის პარტია „გირჩი“, ცალკე არის პარტია „დროა“. კონსტიტუციური სარჩელი ეხება მხოლოდ ამ პარტიას, რეალურად „ახალს“, რომლის ქოლგის ქვეშაც წინა არჩევნებეზე შევიდნენ ცალკეული პოლიტიკოსები და სახელი გადაერქვა. ამიტომ, ამ პარტიას ეხება ცალკე. თუმცა, მე აქვე აღვნიშნე, რომ რა თქმა უნდა, როგორც„ გირჩი – მეტი თავისუფლება“, ასევე „დროა“ არიან დაკავშირებული ამ პარტიებთან. საკონსტიტუციო სასამართლოს მათთან დაკავშირებით არ მივმართავთ, რადგან პოლიტიკაზე რეალური გავლენა არ აქვთ. არის ერთკაციანი პარტიები და ესეც წარმოადგენს ერთ-ერთ განმსაზღვრელ კრიტერიუმს პარტიების აკრძალვის დროს საერთაშორისო პრაქტიკაში“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
0
0