
ილია მეორემ შეძლო შეუძლებელი, როგორც ქრისტიანმა, აღასრულა ქრისტეს რჯული, როგორც ბერმა, დაიცვა აღთქმა, როგორც პატრიარქმა, ზიდა თავისი ერის უმძიმესი ჯვარი. დასრულდა მისი მიწიერი გზა, მაგრამ დარჩა სიყვარული, მისი სიყვარული ჩვენ მიმართ, რომელიც ამ დღეებში მთელმა ერმა მადლიერებით დავუბრუნეთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიაზე განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, პატრიარქის მთავარი ოცნება იყო, ეხილა ქრისტეს ეკლესიაში გამთლიანებული თავისი ერი.
„მან ეს შეძლო და სწორედ ასე წარდგა უფლის წინაშე – პირნათელი და მადლმოსილი. ეს ვართ ჩვენ, მისი თაობა, რომელთაც ვიცხოვრეთ მასთან ერთად, ვიხილეთ იგი, ვიგრძენით მისი მადლი და ვამოწმებთ მის სიდიადეს. მაგრამ მისი ისტორია აქ არ სრულდება. ჩვენს შემდეგ, გზას ისევ მისი თაობა გააგრძელებს, მისი ნათლულების თაობა, ჩვენი შვილები, რომლებიც მის სახელს, მის კურთხევას და მის მადლს ატარებენ. ასე გასდო მან ხიდი დროთა შორის და შეადუღაბა ჩვენი ერი. „დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენი“. საუკუნოდ იყოს ჩვენი პატრიარქის ხსენება. მისმა ლოცვამ და მეოხებამ დაიფაროს სრულიად საქართველო“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
0
0