
ცოტა ხნის წინ გერმანიის ელჩი აღმოჩნდა გაუგებრობაში იმის გამო, რომ, როგორც თვითონ ამბობს, გაიარა აქციაში, შემთხვევით აღმოჩნდა აქციაზე და დაეზარა გზის მეორე მხარეს გადასვლა. გაიარა და ამხელა საერთაშორისო სკანდალში აღმოჩნდა. ასე რომ. ნუ შეაფერხებენ სხვების გადაადგილებას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ მორიგ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
კერძოდ, პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც, „სატრანსპორტო გზის გადაკეტვის ანალოგიურად, დაუშვებელი იქნება ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა არ მოითხოვს. ასევე დაუშვებელი იქნება ხალხის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციით და საგნით გადაკეტვაც“.
„სინამდვილეში, აქ არაფერია გაუგებარი და ადამიანურ სტანდარტს აცდენილი, რომ არაფერი ვთქვათ სამართლებრივზე. რატომ უნდა გადაკეტოს 50-მა ადამიანმა ქუჩა? შევთანხმდით, რომ არ უნდა გადაკეტოს. კარგია, რომ ბოლოს და ბოლოს, ეს მოექცა ჩარჩოში. სამწუხაროდ, ამას დასჭირდა რადიკალური ჯგუფებისთვის უფრო მკაცრი სანქციები. არ შეიძლება, 50-მა ადამიანმა გადაკეტოს გზა, ეს კანონი წლები მოქმედებდა, ყოველთვის ასე იყო, მაგრამ არ ემორჩილებოდნენ, იყენებდნენ გარკვეულ პროცედურულ ხრიკებს, რათა გაეწელათ ჯარიმის გადახდა და ასე შემდეგ. პარლამენტმა შესაბამისად უპასუხა მცდელობებს, ბოროტად გამოეყენებინათ პროცედურული საკითხები. ყველაფერი მოექცა იმ სამართლებრივ კალაპოტში, რომელიც ათწლეულებია, ქვეყანაში შეთანხმებულია. თუ ეს ავტომობილების შემთხვევაში და გზაზე იყო, იგივე ეხება ფეხით მოსიარულეს. მილიონნახევრიანი ქალაქი არის ყველასი, ფეხით მოსიარულეები იქნებიან თუ ავტომობილით გადაადგილდებიან. ვისაც უნდა რაიმე პროტესტის გამოხატვა, ამისთვის აქვს ყველანაირი შესაძლებლობა იმის გარეშე, რომ არასაჭიროდ შეაფერხოს სხვა მოქალაქეების უფლებები. გარკვეული ჯარიმები არ იყო საკმარისი. ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დროს, ჯარიმა იქნება თუ სხვა სახის სანქცია, ამას უნდა ჰქონდეს პრევენციული ფუნქცია. ადამიანს არ უნდა უღირდეს დარღვევა, რადგან ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ვხედავდით, რომ ჯარიმების გარკვეულ რაოდენობაზე რეაქცია არ ჰქონდათ, შესაბამისად, კანონის დაცვა იყო შეფერხებული. ამიტომაც, თავის დროზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რაც ავტოსატრანსპორტო მოძრაობას შეეხებოდა. ამან მოაწესრიგა მდგომარეობა. მარტივი გზა არსებობს, თუ არ გინდა, რომ ჯარიმა მოგივიდეს შუქნიშანზე, არ უნდა გახვიდე წითელ ფერზე მანქანით. არ უნდა დაარღვიო და შესაბამისად, არ იქნება შესაბამისი რეაქცია, არ დაარღვიო და არ იქნება სანქცია. რაც შეეხება წესს, რამდენად ადეკვატური წესია, მანქანების მოძრაობის შემთხვევაში თუ არ უნდა მოხდეს ხელოვნურად ავტომობილების შეფერხება, ფეხით მოსიარულეებს რატომ უნდა შევუზღუდოთ და შევაფერხოთ მათი გადაადგილება? ცოტა ხნის წინ გერმანიის ელჩი აღმოჩნდა გაუგებრობაში იმის გამო, რომ, როგორც თვითონ ამბობს, გაიარა აქციაში, შემთხვდვით აღმოჩნდა აქციაზე და დაეზარა გზის მეორე მხარეს გადასვლა. გაიარა და ამხელა საერთაშორისო სკანდალში აღმოჩნდა. ასე რომ. ნუ შეაფერხებენ სხვების გადაადგილებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
0
0