
დღეს ბრიუსელი ღირებულებებს აცდენილია, რისი შედეგიც არის ის კონფრონტაციული ტონი, თავდასხმები, რიტორიკა, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ გვესმის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ნაცვლად დიალოგისა, ბრიუსელი ირჩევს კონფრონტაციას.
„კიდევ ერთხელ დაადასტურა ამჯერად პრესსპიკერმა, რომ პროცესი შეაჩერა თავად ბრიუსელმა 2024 წლის ივნისში. საკუთარი პირით აღიარეს, რა დეზინფორმაციული, ცრუ ნარატივი ვრცელდებოდა, თითქოს საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ინტეგრაციის პროცესი. ესეც კიდევ ერთხელ დასტური, საკუთარი თავის მხილებაა და აჩვენებს, რომ ნაცვლად დიალოგისა, ბრიუსელი ირჩევს კონფრონტაციას, რაც ბრიუსელის მხრიდან ევროპული ღირებულებისგან გადახვევის კიდევ ერთი ნიშანია. ევროპული ღირებულება, როგორც ქართველებს გვესმის და რისი თანაშემოქმედებიც ვართ, არის დიალოგი და არა კონფრონტაცია, საუბარი და არა დირექტივები, სხვისი ინტერესების გააზრება და არა მითითებების მიცემა. დღეს, სამწუხაროდ, ბრიუსელი ამ ღირებულებას აცდენილია, რისი შედეგიც არის სწორედ ის კონფრონტაციული ტონი, თავდასხმები, რიტორიკა, რომელიც გვესმის ქართველი ხალხის წინააღმდეგ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0