04/10/2025
11:50

დღევანდელი დღის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი“,ის პარტიები, რომლებიც ცდილობენ არჩევნების ჩაშლას, იქნებიან ექსტრემისტი პარტიები, ის „ენჯეოები“, რომლებიც მოუწოდებენ არჩევნების ჩაშლისკენ, იქნებიან ექსტრემისტი „ენჯეოები“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
მისი შეფასებით, ის, რომ რამდენიმე პარტია და „ენჯეოები“ ოფიციალურად ემიჯნებიან დემოკრატიას, ეს არის ქვეყნის დემოკრატიისთვის სასარგებლო პროცესი.
„რაც არ უნდა ტრაგიკული იყოს ის მომენტი, რომ რამდენიმე პარტია და „ენჯეოები“ ოფიციალურად ემიჯნებიან დემოკრატიას, ეს არის ჩვენი დემოკრატიისთვის სასარგებლო პროცესიც, ვინაიდან ხდება სრულად წითელი ხაზის გავლება ერთის მხრივ საქართველოს პატრიოტებს, დემოკრატებს, რომლებიც თავისი არჩევანით აფიქსირებენ საკუთარ ნებას და მეორე მხრივ, რადიკალებს, ექსტრემისტებს და უცხო ძალების დაკვეთით მოქმედ ჯგუფებს, პარტიებს თუ „ენჯეოებს“ შორის.
არ არსებობს ქვეყანა, არ არსებობს კონსტიტუცია და კანონმდებლობა, რომელიც მათ ამ ქმედებას არ უწოდებს ექსტრემიზმს. ასე რომ, დღევანდელი დღის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი“, სხვა ის პარტიები, რომლებიც ცდილობენ არჩევნების ჩაშლას, იქნებიან ექსტრემისტი პარტიები, და ის „ენჯეოები“ , რომლებიც ასევე არ მონაწილეობენ არჩევნებში და მოუწოდებენ არჩევნების ჩაშლისკენ, იქნებიან ექსტრემისტი „ენჯეოები“. შესაბამისი იქნება ჩვენი დამოკიდებულება და ქართველი ხალხის დამოკიდებულება მათ მიმართ, როგორ ექსტრემისტების მიმართ. ასეთივე დამოკიდებულება ექნება ქართველ ხალხს იმ ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც შეეცდებიან მათ დაფინანსებას - ისინი ჩაითვლებიან ექსტრემიზმის დამფინანსებლებად ყველა კრიტერიუმით. ასე რომ, ეს არის სასარგებლო პროცესი ჩვენი დემოკრატიისთვის როდესაც ექსტრემისტებს თავისი მარგინალური კუთხე მიეჩინებათ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მან ასევე უპასუხა კითხვას „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დღეს დაგეგმილი აქციის შესახებ და განაცხადა, რომ არავინ უნდა მიმართოს ძალადობას.
„რაც შეეხება დაანონსებულ ძალადობას, ჩვენ ვაკვირდებით, როგორ იქნება პროცესი. დიდი იმედგაცრუება არის, რომ ჩვენ ვიხილეთ ევროკომისიის პრეს სპიკერის მხრიდან დაანონსებული ძალადობრივი აქციის მიმართ მხარდაჭერა. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა - მოხდება აქციის მონაწილეების მხრიდან ერთი ფაქტიც ძალადობისა, ამაზე პასუხისმგებლობა გაზიარებული აქვს ევროკომისიას მისი პრესსპიკერის სახით. ასე რომ, რა თქმა უნდა, მათ მიმართაც პოლიტიკური კითხვები გვექნება ამ საკითხთან დაკავშირებით.
მშვიდობიანი მიტინგის უფლება საქართველოს მოქალაქეებისთვის გარანტირებულია. არავის ვურჩევ, რომ ძალადობის ერთ ფაქტსაც კი მიმართონ ამ მიტინგის დროს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
0
0