
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის შეფასებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის გადატვირთვა ბრიუსელის მმართველობის შეცვლის შემთხვევაში, გარდაუვალია.
პაპუაშვილის თქმით, ბრიუსელის დღევანდელ ხელმძღვანელობასთან საქართველოს ხელისუფლება საერთო ენას ვერ გამონახავს, ვინაიდან ისინი სხვა პოლიტიკური დაკვეთით და დღის წესრიგით მოქმედებენ.
„ბრიუსელის მმართველობა უნდა შეიცვალოს და ეს გარდაუვალია. ბრიუსელი აცდენილია ევროპის ხალხების ინტერესებს და მოქმედებს სხვა პოლიტიკური დაკვეთით და დღის წესრიგით. რა თქმა უნდა, ჩვენ ასეთ ბიუროკრატიასთან საერთო ენას ვერ გამოვნახავთ. ბიუროკრატიასთან, რომელმაც ევროკავშირი ცივილიზაციურ უფსკრულთან მიიყვანა, აქ რა საერთო ენა უნდა გამოვნახოთ? მაშინ ევროპულ ბიუროკრატიას ჩვენც ჩვენი ქვეყანა უნდა მივაყვანინოთ ცივილიზაციურ უფსკრულთან. ასეც მოხდება, თუ ჩვენ ბრიუსელს დავუჯერებთ. თავის დროზე, ბრიუსელისთვის რომ დაგვეჯერებინა, დღეს საქართველოში იმაზე კი არ გვექნებოდა საუბარი, ეკონომიკური ზრდის ფონზე, ფასები როგორ არის და შეგვეჯამებინა 2025 წლის მიღწევები, სხვადასხვა პროექტის განხორციელება, ჩვენ ვიქნებოდით საქართველოს არათუ აღმშენებლობის, არამედ ჯერ ნანგრევებიდან გასუფთავებით დაკავებული, თუ კი, საერთოდ იარსებებდა ისეთი სახელმწიფო, როგორიც საქართველოა.
ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა, ესკალაციაზე წავსულიყავით, სანქციები დაგვეწესებინა, ცა ჩაგვეკეტა და რუსეთთან დაპირისპირების სპირალში შევსულიყავით, სამხედრო კონფლიქტს და ჩვენი ქვეყნის დანგრევას ვერ ავცდებოდით. ამიტომ, თავისთავად, ბრიუსელს ჩვენს ქვეყანას ვერ დავანგრევინებთ. ისიც ეყოფათ, რასაც უშვებიან ევროკავშირს და სადამდე მიიყვანეს ევროკავშირის მოქალაქეები – ეკონომიკური სტაგნაციაა, ნულის გარშემო ტრიალებს ეკონომიკური ზრდა ევროკავშირში. ევროკავშირი შეიქმნა, როგორც მშვიდობის პროექტი, რომელიც ყოველ დღე საუბრობს ომზე, ემზადება ომისთვის და განეწყობა ომისთვის. ის, ვინც ომისთვის განეწყობა, საბოლოო ჯამში, ომს მიიღებს. ეს არის ესკალაციის ლოგიკა. რა თქმა უნდა, ასეთ ბრიუსელთან საერთო ენას ვერ გამოვნახავთ. ამიტომ, მთავარი გზაა, რომ ბრიუსელის ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს. ვხედავთ, რომ ევროპელი ხალხი უფრო ხმამაღალია. ვხედავთ ქვეყნებს, სადაც პატრიოტული ძალები ხელისუფლებაში მოდიან. ეს ტენდენცია აუცილებლად გაგრძელდება და როგორც კი ბრიუსელის ბიუროკრატიამდე მიაღწევს და ბრიუსელი ყურს დაუგდებს ევროპელ ხალხს, იმ მომენტშივე შესაძლებელი გახდება ჩვენი ურთიერთობების საბოლოო დარეგულირება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0