
რაც შეეხება საბაბს, რომ ვიღაც იყო დელეგაციიდან მიუღებელი, ვინ ეკითხება მეორე მხარეს როგორ დაკომპლექტდება ქართული დელეგაცია. სინამდვილეში გაექცნენ დიალოგს. იციან, რომ ცრუ ნარატივებს ვერ შეინარჩუნებენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის მიერ გაუქმებულ შეხვედრასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ბრიუსელს ეშინია დიალოგის ვინაიდან იცის, რომ ცრუ ნარატივზე აწყობილი კრიტიკა ჩამოეშლება.
„მზად იყო დელეგაცია, რომ მიეღო მონაწილეობა ამ შეხვედრაში, მზად იყო, რომ ყველა ის ცრუ ნარატივი, რომელზეც დღეს ბრიუსელი დგას, ის დეზინფორმაციას, რომელსაც ბრიუსელი ავრცელებს არგუმენტირებული პასუხი გაეცა. სინამდვილეში გაექცნენ ზუსტად ამ დიალოგს. ვინაიდან იციან, რომ ცრუ ნარატივებს ვერ შეინარჩუნებენ და ერთი მართალი სიტყვა ჩამოამსხვრევდა ამ ცრუ ნარატივებს. ვინც გაურბის დისკუსიას, ის არის სუსტი. ძლიერს არ ეშინია დისკუსიის. ამიტომ არის, რომ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ნებისმიერი რადიკალური აზრის მქონე ადამიანთანაც კი დისკუსიისთვის და მსჯელობისთვის. მსჯელობას გაურბიან სუსტები.
რაც შეეხება საბაბების ძიებას, რომ ვიღაც იყო დელეგაციიდან მიუღებელი, ჯერ ერთი ვინ ეკითხება იმ მეორე მხარეს როგორ დაკომპლექტდება ქართული დელეგაცია. მათ თუ სურთ მოისმინონ პასუხები, საქართველოს მთავრობამ დააკომპლექტა დელეგაცია ისე, რომელიც გასცემდა კომპეტენტურ პასუხებს. და მეორე, ვინ გვეუბნება ამას - ბრიუსელი?! სადაც ევროკომისიის კაბინეტებში ზურაბ ადეიშვილი ეჯდათ სულ ცოტა ხნის წინ. მართლმსაჯულების კომისართან ეჯდათ ზურაბ ადეიშვილი, წამების სისტემის შემქმნელთან ისხდნენ. ეს ხალხი გვიწუნებს ჩვენ რამეს დელეგაციაში? ეს ხომ არის ფარისევლობა და „სოვეტიზაცია“ ბრიუსელის. აბსოლუტურად აცდენილები არიან იმას, რასაც ჰქვია ევროპა და ევროპული ღირებულება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრა ბრიუსელმა ჩაშალა.
1
0